ამერიკის ხმის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირი საქართველოს მთავრობას საარჩევნო დარღვევების დამოუკიდებელი მექანიზმით გამოძიებისკენ მოუწოდებს.
ამერიკის ხმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირს, ანონიმურობის პირობით ესაუბრა.
“არჩევნების შემდეგ, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა უფრო მეტად გვაშფოთებს, ვიდრე იქამდე. იყო წინასაარჩევნო პერიოდში გადადგმული მთელი რიგი ნაბიჯები, რამაც გამოიწვია ჩვენი ძალიან დიდი შეშფოთება იმ მიმართულების გათვალისწინებით, რომლითაც ქვეყანა და კონკრეტულად ხელისუფლება მიდიოდა. ეს მოიცავდა ე.წ. უცხოური გავლენის კანონს. მაგრამ, არჩევნებმა, უცხოური გავლენის კანონმდებლობის მიღმა, დამატებითი შეშფოთების მთელი რიგი გამოიწვია – ადმინისტრაციული რესურსების ამდენი არასწორად გამოყენების და როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები ამბობენ, ამომრჩევლის დაშინებისა და იძულების შემთხვევების გამო. ეუთოს, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) საკმაოდ მკაცრი იყო შეფასებაში თუ რამდენად პრობლემურად ჩატარდა არჩევნები”, – აცხადებს შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ოფიციალური პირი.
კითხვაზე, შეუძლია თუ არა საქართველოს ხელისუფლებას გამოიძიოს მის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები, როდესაც არსებობს შეშფოთება სასამართლოზე არსებული პოლიტიკური გავლენების თაობაზე, შტატების ოფიციალური პირი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დარღვევები დამოუკიდებელი მექანიზმით უნდა გამოიძიოს.
“იმისთვის, რომ [გამოძიება] მიუკერძოებელი იყოს, საქართველოს მთავრობამ ის მიუკერძოებელი მექანიზმით უნდა ჩაატაროს. შესაძლოა საერთაშორისო მექანიზმით ან ისეთი მექანიზმით, რომელშიც ჩართულნი იქნებიან სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები ან ჯგუფები, რომლებიც მოიცავს სხვა პოლიტიკურ ძალებს, რათა გამოიძიონ ზოგიერთი საკითხი. რადგან, თუ ამ დარღვევებზე პასუხისმგებელია მმართველი პარტია, არ არის მიზანშეწონილი, გამოძიება თავად მმართველმა პარტიამ წარმართოს. მე კონკრეტული მექანიზმი მხედველობაში არ მაქვს, მაგრამ ვიტყვი, რომ არჩევნებისადმი ნდობისთვის, გამოძიების მიუკერძოებელი მექანიზმი კრიტიკულად მნიშვნელოვანია”, – ამბობს აშშ-ის ოფიციალური პირი.
როგორც ოფიციალური პირი ამბობს, მიმართულება, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება მოძრაობს, შეუსაბამოა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზასთან.
“საქართველოს მთავრობის მიმართულება, განსაკუთრებით ბოლო 6 თვის განმავლობაში, დაშორებული იყო დემოკრატიულ ნორმებსა და ინსტიტუტებს და საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. ის, რაც მოხდა ბოლო 6 თვის განმავლობაში, შეუთავსებელია ევროკავშირსა და NATO-სკენ საქართველოს გზასთან. მიმართულება ნათელია. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა არსებობდა, იმის მიუხედავად, თუ რა წინათგრძნობა ჰქონდა ხალხს არჩევნების დღემდე, ყოველ შემთხვევაში თეორიულად მაინც. რაც ჩვენ ვნახეთ, არჩევნები ჩატარდა დარღვევებით, დაშინების და იძულების შემთხვევებით. ეს იმედგამაცრუებელია. ეს მოითხოვს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა, არა მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა, არამედ ჩვენმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა ევროპაში, ერთობლივად შეაფასონ რა ნაბიჯებს გადავდგამთ და ასევე შევაფასოთ საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა. გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემთვის ძალიან რთულია იმის წარმოდგენა, რომ ქვეყანას შეეძლება გააგრძელოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა იმის გათვალისწინებით, რაც მოხდა”, – ამბობს ის.
ოფიციალური პირი ამერიკის ხმასთან იმ ზომებზე საუბრობს, რომელთა მიღებასაც ვაშინგტონი თბილისისგან მოელის.
“არსებობს მნიშვნელოვანი შეშფოთება და ვფიქრობ, საქართველოს მთავრობის მოვალეობაა გადადგას ძალიან კონკრეტული ნაბიჯები, ამ შეშფოთების გასაქარწყლებლად. ერთ-ერთი მათგანი არის ე.წ. უცხოური გავლენის კანონის უკან წაღება და კიდევ ერთი, დაუყოვნებლივ დიალოგის დაწყება საქართველოს სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, რათა აღდგეს არჩევნებისადმი ნდობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ არჩევნების კონტექსტში, ეს არა სასურველი, არამედ აუცილებელია.
ახლა ხელისუფლების გადასაწყვეტია, გადადგამს თუ არა ის ნაბიჯებს, რომლებიც გამოასწორებს არჩევნებზე დარღვევების ამ ცნობებს, დაშინების, იძულების შესახებ თუ წავა ანტიდემოკრატიული მიმართულებით, ჰიბრიდული რეჟიმის თუ ავტორიტარული რეჟიმის მიმართულებით. ამას, ცხადია, შედეგები მოჰყვება. წინასწარ არ ვაპირებ რაიმე დამატებითი ნაბიჯების შესახებ გაცნობოთ. მაგრამ, ჩვენ მზად ვართ გადავდგათ დამატებითი ნაბიჯები, თუ დავინახავთ, რომ საქართველო ამ მიმართულებით მიდის.
ჩვენ მოვუწოდეთ მთავრობას, მიიღოს მთელი რიგი დაუყოვნებელი ზომები, ჩვენი შეშფოთების საპასუხოდ. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, მაშინ ჩვენ გავაგრძელებთ გზების ძიებას, რათა გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ძალაუფლება იმისთვის, რომ პასუხი ვაგებინოთ აქტორებს საქართველოს შიგნით და ხელისუფლების შიგნით, რომლებიც ანტიდემოკრატიულ ქმედებებში მონაწილეობენ. ეს მოიცავს არჩევნების პროცესს. იყო მთელი რიგი შეშფოთება არჩევნების შესახებ, რომლებიც, ჯერჯერობით, არ არის საფუძვლიანად გამოძიებული ან დადასტურებული. მესმის, რომ ზოგიერთი ამ დარღვევის გამოძიებას დრო სჭირდება. როგორც მესმის, სწორედ ამისკენ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტიც. ვფიქრობ, ზოგიერთი ამ დარღვევის გამოძიება, ლეგიტიმურია”, – აცხადებს აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალური პირი.