ეროვნული ბანკი პროექტზე მუშაობს, რომელიც ლარის გადარიცხვებზე VISA-ს და Mastercard-ის გავლენას შეამცირებს. ამის შესახებ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ კომიტეტზე განაცხადა.
ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატი, ვატო თურნავა დაინტერესდა როგორ იმოქმედებს ღია ბანკინგი ბარათებთან დაკავშირებულ საკომისიოებზე: “ვუყურებდი ბოლო სტატისტიკას, დაახლოებით VISA-ს და Mastercard-ს ასობით მილიონი ლარი საკომისიო აქვთ ქვეყნიდან გატანილი. გამოიწვევს თუ არა ღია ბანკინგის ჩართვა, რომ ქვეყნიდან ეს თანხა აღარ გავა და პირიქით, ჩვენს ეკონომიკაში დატრიალდება?”,- განაცხადა ვაკო თურნავამ.
საპასუხოდ, ეკატერინე გალდავამ განაცხადა, რომ მუშაობენ პროექტზე ამ მიმართულებით.
“ერთი წელი მაინც დასჭირდება ამის გაკეთებას, მარტივი პროექტი არ არის. ვცდილობთ, საბარათე ბიზნესზე დამოკიდებულება ცოტა შევამციროთ. ვგულისხმობთ, რომ მოსახლეობა უნდა გადავიდეს ანგარიშის უფრო კარგ მფლობელობაზე, უნდა ესმოდეს, რომ მისი ანგარიშის გამოყენება უფრო უსაფრთხო იქნება და არაა აუცილებელი ყველგან ბარათი გვქონდეს”,- თქვა ეკატერინე გალდავამ.
სებ-ის მონაცემებით, თებერვლის მდგომარეობით მიმოქცევაში არსებული სადებეტო ბარათების რაოდენობა VISA-ს შემთხვევაში 2,583,595 ერთეულია, EC/MC-ის (ევროქარდ-მასტერქარდი) კი – 4,836,057. რაც შეეხება საკრედიტო ბარათებს, VISA-ს შემთხვევაში რაოდენობა 111,850 ბარათია, ხოლო EC/MC-ის 100,740 ბარათი.
bm.ge
