„USAID-ის პროექტები მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების მოზიდვის საშუალებას იძლეოდა“ – ნინო ჩხობაძე

„აქ საუბარი არ არის მხოლოდ ფინანსურ დახმარებაზე, გვჭირდება კვალიფიციურ მუშა ხელიც. USAID-ის პროექტები მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების მოზიდვის საშუალებას იძლეოდა“,- ამის შესახებ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ USAID-ის პროექტის ფარგლებში, საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, წყლის პროგრამა ფინანსდებოდა, რომელიც სხვა პროექტების მსგავსად გაჩერდა. მის ახლიდან დასაწყებად კი, საჭიროა კვალიფიკაციური სპეციალისტების მოზიდვაც, რაც ძალიან რთულია.
„ერთ-ერთი ახალი პროექტი, რომელიც გაჩერდა, ეს იყო წყალთან დაკავშირებით. ეს პროექტი ითვალისწინებდა წყლის კანონის იმპლემენტირებას, რომელიც სრულად 2026 წლისთვის უნდა ამოქმედდეს და ძალიან ბევრი რეგულაცია სჭირდება დოკუმენტების მომზადებას და კანონის შესაბამისობაში მოსაყვანად. იქიდან გამომდინარე, რომ დაფინანსება გაჩერდა, შეწყდა ეს პროექტიც, ამიტომ მისი ამოქმედება ვერ მოხდება. მაშინ უნდა ეძებონ ახალი დონორი, ან შიგნით სამინისტროში მოიძიონ ის პოტენციალი და რესურსები, როლითაც შეძლებენ მის დაწყებას, დოკუმენტების მომზადებას. სიმართლე რომ გითხრათ, ეს ძალიან რთული იქნება, იმიტომ, რომ ცოტა ხალხი ჰყავთ ადგილზე. პროექტისთვის საჭიროა მოიწვიო დამოუკიდებელი ექსპერტები, ვისაც შეუძლია, როგორც მინიმუმ, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მომზადება.
აქ საუბარი არ არის მხოლოდ ფინანსურ დახმარებაზე, გვჭირდება კვალიფიციურ მუშა ხელიც. USAID-ის პროექტები მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების მოზიდვის საშუალებასაც იძლეოდა. მართალია, ჩვენ ორგანიზაციას არ ჰქონია USAID-ის დაფინანსება, მაგრამ ზოგადად, ბევრი მიმართულებით იყო პროექტები. ვგულისხმობ, ადრეული შეტყობინების სისტემებთან კასტროებთან, წყალთან მიმართებით. შესაბამისად, ეს თანხები დააკლდება სერიოზულად. სხვა მიმართულებით კიდევ უფრო მეტი პროგრამა ფინანსდებოდა და უკვე ძალიან დაეტყო“,- ამბობს ნინო ჩხობაძე.
კითხვაზე, სახელმწიფოს რამდენად აქვს რესურსი საჭირო პროექტები თავად დააფინანსოს, ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ მაშინ ამაში მთლიანი ბიუჯეტი უნდა დაიხარჯოს.
„მაშინ ამ ყველაფერში მთლიანი სახელმწიფო ბიუჯეტი უნდა გადაიხადონ. ახლა უკვე უნდა მუშაობდეს ფინანსთა სამინისტრო შესაბამის ყველა უწყებასთან. ასე ფორმირდება ბიუჯეტი, რა არის პირველი რიგის სამუშაო, რა არ ითმენს და ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს ეს თანხა. მაგრამ ამისთვის, სრულად უნდა გადაკეთდეს მთლიანი ბიუჯეტი“,- ამბობს ნინო ჩხობაძე.
შეგახსენებთ, რომ -ს პრეზიდენტის ს ბრძანებით, 20 იანვრიდან საგარეო განვითარების დახმარება 90 დღით შეჩერდა. გადაწყვეტილების მიზეზად კი სახელდება, რომ აშშ-ს საგარეო დახმარების ინდუსტრია და ბიუროკრატია არ არის თანხვედრაში ამერიკის ინტერესებთან.
მართალია, დაფინანსების აღდგენა 90 დღის შემდეგ არის გადაწყვეტილი, თუმცა უცნობია, რომელი პროექტები და ამასთან, იგივე სახით გაგრძელდება თუ არა. ამის ფონზე, პრემიერ მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსთვის ეს დახმარება არც 90 დღის შემდეგ გაგრძელდება. არადა, საქართველოში USAID-ი თითქმის ყველა მიმართულებას აფინანსებდა. მათ შორის, განათლებას, სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას, ტრანსპორტს, ლოგისტიკას, ენერგეტიკას, კიბერუსაფრთხოებას და ა.შ.