USAID-ის და გორგიას პარტნიორობის ფარგლებში, „გორგიას ხელოსანთა აკადემია“ დაარსდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრმა კომპანია „გორგიამ“ და USAID-ის პროგრამამ „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში, „გორგიას ხელოსანთა აკადემია“ დაარსდა, რომელიც ორი წლის განმავლობაში 700-მდე ადამიანს შეასწავლის პროფესიულ საქმიანობას.
პროექტი ითვალისწინებს ექვსთვიანი მოსამზადებელი კურსის შექმნას, რომელშიც დარგის ევროპელი სპეციალისტები სტუდენტებს საკუთარ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებენ. კურსები ჩატარდება საქართველოს ხუთ სხვადასხვა ქალაქში, კერძოდ თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და თელავში.
USAID-ისა და „გორგიას“ პარტნიორობის ფარგლებში, „გორგიას ხელოსანთა აკადემიაში“ დაინტერესებული პირები შეისწავლიან სანტექნიკას, კაფელ-მეტლახის დაგებას, თაბაშირ-მუყაოს სამუშაოებს, იატაკის დაგებას, კარ-ფანჯრების მონტაჟს, სახურავის მონტაჟს.
კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატები და მომავალში დასაქმდებიან „გორგიას“ პარტნიორ კომპანიებში.
გორგიას აღმასრულებელი დირექტორის თორნიკე გურულის განცხადებით, „გორგია“ წლებია ხელოსნებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსს ატარებს და ამ კურსების განვითარება საგანმანათლებლო პროგრამებად, საშუალებას მისცემს კომპანიას უფრო კვალიფიციური ხელოსნები მოამზადოს სამშენებლო-სარემონტო ინდუსტრიაში. „ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მომწოდებლების ჩართულობა საგანმანათლებლო პროცესებში ხელოსნებს ახალ სტანდარტებს გააცნობს, რაც ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია“ აცხადებს თორნიკე გურული.
“საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი წევრი კომპანიების ასეთი მასშტაბური წარმატებები, რაც მნიშვნელოვანია არამხოლოდ „გორგიასთვის“, როგორც ბიზნეს ოპერატორისთვის, არამედ მნიშვნელოვანია მთლიანად ქვეყნისთვის. კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიულ პროგრამებში აქტიური ჩართულობა არის ის ერთადერთი გზა, რომელიც შეამსუბუქებს კვალიფიციური კადრების დეფიციტს, რაც მუდმივად უმწვავეს პრობლემად სახელდება BAG ინდექსში. კიდევ ერთხელ მადლობა USAID-ს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის, ასევე მადლობა „გორგიას“ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან მალე ვიხილავთ იმ პოზიტიურ შედეგებს, რომელიც ამ თანამშრომლობას აუცილებლად მოჰყვება“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
(ns)