UG School-მა ბრიტანული საერთაშორისო სკოლის სტატუსი ოფიციალურად მოიპოვა. როგორც სკოლის ადმინისტრაციის უფროსმა, თინათინ თოფურიამ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, სკოლამ წარმატებით გაიარა The Council of British International Schools-ის (COBIS) ავტორიზაციის პროცესი.
„ჩვენ გადავედით ბრიტანულ სტანდარტებზე, რადგან COBIS ავტორიზაცია გავიარეთ და ბრიტანული სკოლა გავხდით. ეს პროცესი გასულ წელს დავიწყეთ და ამ ზაფხულს დასრულდა. ძალიან დიდი შრომა ჩადო სკოლამ ამისათვის“, – აღნიშნა თოფურიამ.
მისივე განმარტებით, ბრიტანული სტატუსი მხოლოდ აკადემიურ კომპონენტზე არ ვრცელდება და მოიცავს ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინებასაც. უკვე დასრულებულია სკოლის უსაფრთხოების სისტემების მოდერნიზაცია, მათ შორის, სახანძრო სისტემების განახლება და შენობის რემონტი.
„ამ ცვლილებების შედეგად, მოსწავლეებს დაახლოებით 10-ჯერ უფრო უსაფრთხო გარემო დახვდებათ“, – განაცხადა თოფურიამ.
UG School-ში განმარტავენ, რომ ბრიტანული პროგრამებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ ბრიტანული ხარისხის განათლება საქართველოში მიიღონ.
