გამოცემა The Times-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ სამხედრო დახმარების შეწყვეტის შემთხვევაში, უკრაინამ შესაძლოა, რუდიმენტული ბირთვული ბომბი დაამზადოს. The Times-მა ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტი მოიპოვა.
როგორც გამოცემა წერს, ქვეყანას პლუტონიუმისგან აშშ-ს მიერ 1945 წელს ნაგასაკიში ჩამოგდებული “Fat Man” ბირთვული ბომბის მსგავსი იარაღის დამზადება სწრაფად შეეძლება.
“ისეთი მარტივი ბირთვული ბომბის დამზადება, როგორიც აშშ-მ მანჰეტენის პროექტის ფარგლებში შექმნა, 80 წლის შემდეგ არ იქნებოდა რთული ამოცანა”. – წერია The Times-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტში.
გამოცემის ცნობით, უკრაინისთვის ამგვარი ბომბის სწრაფად დამზადება მნიშვნელოვანი იქნებოდა, ვინაიდან ურანის გასამდიდრებლად საჭირო დიდი ობიექტების მშენებლობისთვის დრო არ რჩება. შესაბამისად, ომში მონაწილე უკრაინას დასჭირდებოდა გამოეყენებინა პლუტონიუმი, რომელსაც საკუთარი ბირთვული რეაქტორებიდან ამოიღებდა.
უკრაინა კვლავ აკონტროლებს 9 ფუნქციურ ბირთვულ რეაქტორს და, როგორც The Times წერს, აქვს ბირთვული ტექნოლოგიების საკითხებში შესაბამისი კომპეტენცია მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ მსოფლიოში სიდიდით მესამე ბირთვული არსენალი 1996 წელს დათმო.
“რეაქტორებში არსებული პლუტონიუმის მასა დაახლოებით 7 ტონასაც შესაძლოა, შეადგენდეს. მნიშვნელოვანი ბირთვული იარაღების არსენალი ამაზე გაცილებით ნაკლებ მასალას საჭიროებს. მასალის ოდენობა საკმარისია რამდენიმე ასეული ქობინის დასამზადებლად”. – აღნიშნულია დოკუმენტში.
ასეთ ბომბს, როგორც დოკუმენტის ავტორები წერენ, “Fat Man”-ის სიძლიერის მეათედი ექნებოდა.
“იგი საკმარისი იქნებოდა რუსეთის მთლიანი საჰაერო ბაზის ან კონცენტრირებული სამხედრო, ინდუსტრიული ან ლოგისტიკური ინსტალაციების გასანადგურებლად”. – თქვა ავტორმა, ოლექსი იჟაკმა.
გასულ თვეში პრეზიდენტმა ზელენსკიმ ტრამპს უთხრა, რომ უკრაინას, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ბირთვული იარაღები დასჭირდებოდა იმ შემთხვევაში, თუ NATO-ში ვერ გაწევრიანდებოდა. ზელენსკიმ მოგვიანებით განაცხადა, რომ მან იგულისხმა, რომ სხვა ალტერნატივა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არ არსებობდა. როგორც The Times წერს, ამის შემდეგ უკრაინელ ოფიციალურ პირებს ხშირად უარუყვიათ მოსაზრება, რომ კიევი ბირთვულ შეიარაღებას განიზრახავს.
“აღნიშნული დოკუმენტი უკრაინის მთავრობას არ მოუწონებია, თუმცა დოკუმენტი სამართლებრივ საფუძველს ქმნის უკრაინის მიერ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან გამოსვლისთვის, რომლის რატიფიცირება განპირობებული იყო აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის მიერ უკრაინისთვის 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმზე მიცემული უსაფრთხოების გარანტიებით”. – წერს გამოცემა.
ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებით (NPT) უკრაინას, უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, უნდა დაეთმო თავისი ბირთვული არსენალი, რომელიც 1734 სტრატეგიულ ქობინს მოიცავდა.