ბრიტანელი მინისტრები ფარულად ცდილობენ, დაარწმუნონ მოკავშირეები, რომ უკრაინის არმიას ნება დართონ, რუსეთს Storm Shadow ფრთოსანი რაკეტები ესროლონ. ამის შესახებ The Times-ი წერს.
ფრთოსან რაკეტებს შეუძლიათ სამიზნეებზე დარტყმები 250 კილომეტრის მანძილზე. „შორი რადიუსის მოქმედების რაკეტები რუსებს და მანამდე საბჭოთა [ხელისუფლებას] აშინებს ხელმძღვანელობაზე და საკვანძო ობიექტებზე თავდასხმის საფრთხის გამო,“ – ამბობს ჯონ ფორმანი, ბრიტანეთის ყოფილი თავდაცვის ატაშე მოსკოვში.
ომის ესკალაციის შიშით დასავლეთის ქვეყნები აქამდე უკრძალავდნენ უკრაინას Storm Shadow-ის გამოყენებას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის. ამ საკითხში არც დიდი ბრიტანეთის ოფიციალური პოზიცია არ შეცვლილა. ლონდონი უკრაინას უფლებას აძლევს, რუსეთის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებისთვის გამოიყენოს ნებისმიერი იარაღი, რომელიც მას მიაწოდა, გარდა Storm Shadow-ისა.
უკრაინა ითხოვს ნებართვას, შორ მანძილზე მოქმედი იარაღით განახორციელოს დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინის ოფიციალურმა პირებმა აშშ-ის წარმომადგენლებთან ისაუბრეს.
2024 წლის აგვისტოში უკრაინელი სამხედროები კურსკის რეგიონში შევიდნენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თქმით, ერთ კვირაში მათ მოახერხეს დაახლოებით ათასი კვადრატული კილომეტრის დაკავება. ეს თითქმის იმდენია, რამდენიც რუსეთმა დაიკავა უკრაინაში ერთი წლის განმავლობაში.