“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით, ორგანიზაციის რეგიონული ოფისების ხელმძღვანელზე, ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმა არის მიზანმიმართული ანგარიშსწორება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. მათივე ინფორმაციით, ქორიძე ბათუმში სამსახურებრივი მივლინების ფარგლებში იმყოფებოდა.
“ვაფასებთ მას [თავდასხმას], როგორც ივანიშვილის პარტიის მიზანმიმართულ ძალადობას და ანგარიშსწორებას ქართული სამოქალაქო სექტორისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენლის წინააღმდეგ. ეს ძალადობრივი შემთხვევა ჩვენი ორგანიზაციის წინააღმდეგ წლების მანძილზე მიმდინარე სახელისუფლებო კამპანიის გაგრძელებაა. ჯგუფურ თავდასხმაში მონაწილეობდნენ პარტია „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე. არსებობს ვარაუდი, რომ თავდასხმაში ასევე მონაწილეობდა ძიუდოისტი და არალეგიტიმური პარლამენტის წევრი ვარლამ ლიპარტელიანი. თავდასხმაში მონაწილე პირების ვინაობა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ “ქართული ოცნების” მხრიდან სამოქალაქო საზოგადოებაზე და კრიტიკული აზრის მქონე პირებზე თავდასხმაში პარტიის ლიდერები არიან ჩართულები, რომლებიც პირადად მონაწილეობენ ადამიანების მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში. მოგვიანებით, იგივე პირები თავს დაესხნენ ასევე ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ამჟამად პოლიტიკური პარტიის “საქართველოსთვის” ლიდერს გიორგი გახარიას. ეს ძალადობრივი ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ კრიტიკული მოსაზრების მქონე პირებისა და ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლების წინააღმდეგ ანგარიშსწორება “ქართული ოცნების” პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მის განხორციელებაში ჩართულნი არიან არა ფარულად ორგანიზებული ჯგუფები, არამედ უშუალოდ ივანიშვილის პარტიის ზონდერებად ღიად მოქმედი ლიდერები. მათ ევალებათ აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დევნა და მათზე თავდასხმა. “, – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაცია “ქართული ოცნების” შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურისგან მოითხოვს, უმოკლეს ვადებში დააკავონ დიმიტრი სამხარაძეს, გიორგი მანველიძე და თავდასხმაში მონაწილე სხვა პირები.
ორგანიზაციის შეფასებით, იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე (დევნა სიტყვის, აზრის ან პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით) და 225-ე მუხლით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
გარდა ამისა, ორგანიზაცია მიმართავს სასტუმრო “შერატონს” გაასაჯაროოს მომხდარის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.
“ჩვენ დაუყოვნებლივ მივაწვდით ინფორმაციას საერთაშორისო პარტნიორებს, რათა ადეკვატური პასუხი გაეცეს როგორც უშუალოდ ივანიშვილს, ასევე მისი ზონდერ ჯგუფების ამ ქმედებას”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.