„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მკაცრად აკრიტიკებს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ წამყვანი კრიტიკული მაუწყებლების – „ტვ პირველის“, „ფორმულას“ და „მთავარი არხის“ (ვებგვერდისა და სოციალური პლატფორმების ჩათვლით) – წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებს, რომლებიც, ორგანიზაციის შეფასებით, ცენზურის დაწესების პირდაპირ მცდელობას წარმოადგენს.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, საჩივრები მიზნად ისახავს მედიას აუკრძალოს ისეთი ტერმინების გამოყენება, როგორიცაა: „რეჟიმის პატიმრები“, „ოლიგარქის დეპუტატი“, „ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო“, „არელეგიტიმური პარლამენტი“ და სხვა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ ეს მოთხოვნები წარმოადგენს კრიტიკული მედიის დაშინებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ჩახშობის აშკარა მცდელობას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც კომუნიკაციების კომისია არ წარმოადგენს მიუკერძოებელ არბიტრს, არამედ მოქმედებს “ოცნების” გავლენის ქვეშ.
“გამოვხატავთ ძლიერ შეშფოთებას მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოში მოქმედი წამყვანი კრიტიკული მაუწყებლების – „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“, ასევე „მთავარი არხის“ (ვებგვერდი და სოციალური პლატფორმები) – წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების გამო, რომელთა შინაარსიც ცენზურის დაწესების პირდაპირ მცდელობას წარმოადგენს. კერძოდ, „ქართული ოცნება“ ცდილობს მედიას შემდეგი ტერმინების გამოყენება აუკრძალოს: „რეჟიმის პატიმრები“, „ოლიგარქის დეპუტატი“, „ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო“, „რეჟიმის პრემიერი“, „არელეგიტიმური პარლამენტი“, „ე.წ. საგამოძებო კომისია“, „ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე“ და სხვ.
კომუნიკაციების კომისიაში შეტანილი საჩივრები წარმოადგენს კრიტიკული მედიის დაშინებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ჩახშობის აშკარა და სახიფათო მცდელობას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც კომუნიკაციების კომისია წარმოადგენს არა მიუკერძოებელ არბიტრს, არამედ ორგანოს, რომელიც სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მსგავსად, „ქართული ოცნების“ კონტროლის ქვეშ იმყოფება.
საჩივრებში ტელეკომპანიები დადანაშაულებულნი არიან „მიკერძოებულ გაშუქებაში“, „დეზინფორმაციის გავრცელებასა“ და „მმართველი პარტიის მიმართ ბალანსის დარღვევაში“. თუმცა, საქმე გვაქვს იმგვარ შემთხვევებთან, როდესაც მაუწყებლების მხრიდან დაცულია კრიტიკული და საგამოძიებო ჟურნალისტიკის სტანდარტები, გამოთქმულია რედაქციული ხასიათის მოსაზრებები, რაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით არის განპირობებული და კანონმდებლობით არის უზრუნველყოფილი”, – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
