TI: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დევნა პირდაპირი თავდასხმაა დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბერლინის ოფისი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დევნის გაძლიერების გამო.
ორგანიზაციის ბერლინის ოფისი ეხმაურება ე.წ. პირბადეების საქმის ფარგლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაური დაკითხვას.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აცხადებს, რომ ბრალდებები, რომლებიც მოიცავს საბოტაჟს, უცხო სახელმწიფოებთან შეთქმულებას და ფინანსურ დანაშაულებს, უსაფუძვლოა და წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ანტიკორუფციული ორგანიზაციის გაჩუმების მცდელობას.
„არსებობს რეალური რისკი, რომ დაკითხვებს მალე მოჰყვება სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების, მათ შორის ეკა გიგაურის, პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ არასდროს ყოფილა ჩართული ისეთ ქმედებებში, რაც ოდნავ მაინც გაამართლებდა ასეთ ბრალდებებს. ეს არის შერჩევითი სამართლის, სისხლის სამართლის პროცესის ბოროტად გამოყენების და კანონის თვითნებური აღსრულების აშკარა შემთხვევა.
ასეთი ნაბიჯი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი რეპრესიების ფონზე გადაიდგა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ უკვე ორმაგი მონიტორინგის ქვეშაა ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონისა და ახალი გრანტების შესახებ კანონის მეშვეობით. ეს ანტიდემოკრატიული ზომები არასამთავრობო ორგანიზაციების ლეგიტიმურ საქმიანობას კრიმინალიზაციას ახდენს და დამოუკიდებელ ხმებს უცხოელ აგენტებად აცხადებს“, – „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადებაში.
როგორც ორგანიზაცია აცხადებს, ბოლო თვეებში საქართველოს მთავრობამ გააძლიერა კამპანია განსხვავებული აზრის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის, მედიის შეზღუდვების, არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების გაყინვისა და შიდა მონაცემების მოთხოვნის გზით.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადებით, ორგანიზაციებისთვის ანგარიშების გაყინვა სავარაუდო საბოტაჟის ბრალდებით და ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მათი მონიტორინგის დაწყება, ასახავს ავტორიტარულ სტრატეგიას, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების დასუსტებას და ძალაუფლების დემოკრატიული კონტროლის აღმოფხვრას.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დევნა პირდაპირი თავდასხმაა დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე. სამოქალაქო საზოგადოება აუცილებელია საქართველოს მომავლისთვის და არ წარმოადგენს საფრთხეს მისი სუვერენიტეტისთვის. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს დევნის ეს კამპანია. საქართველოს ერთგულება დემოკრატიის მიმართ შეფასდება იმით, თუ როგორ ექცევა ის მათ, ვინც ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერებისთვის იბრძვის“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თავმჯდომარე, ფრანსუა ვალერიანი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:
· შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოების ყველანაირი დევნა და დაშინება,
· დაიცვას გაერთიანების, გამოხატვის თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებები,
· უზრუნველყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და პატივი სცეს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ვალდებულებებს.