“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აცხადებს, რომ მიმდინარე წელსაც ისევე, როგორც გასულ წლებში თავს ესხმოდნენ, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2023 წელს 45-მდე ასეთი შემთხვევა გამოვლინდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 30 ნოემბრის პერიოდში, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 14 სისხლის სამართლის საქმეზე. აქედან 4 საქმე სასამართლოში გადაიგზავნა, 9-ზე გამოძიება მიმდინარეობს.
რამდენიმე შემთხვევა, რომელიც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანგარიშში მოხვდა:
· ივლსში, თბილისში, ტელეკომპანია “ფორმულის” იფისის მიმდებარე ტერიტორიაზე თავს დაესხნენ არხის ერთ-ერთ დამფუძნებელსა და წამყვანს, მიშა მშვილდაძეს. პასუხისგებაში მისცეს ერთი ადამიანი;
· აგვისტოში, შოვში მომხდარი ტრაგედიისას, ინტერნეტგამოცემა “მთის ამბების” რედაქტორს, გელა მთივლიშვილს “წყალში გადაგდებით” დაემუქრა საჯარო მოხელე. “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს “არაკაცი” უწოდა;
· “სექტემბერში, ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უკმაყოფილების წერილით მიმართა საერთაშორისო დონორებს, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელმა ინტერნეტგამოცემა “OC Media-მ” მას Op-Ed-ის გამოქვეყნებაზე უთხრა უარი”;
· ივლისში, “ტელეკომპანია პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის ავტომობილიდან წაიღეს გარე ვინჩესტერი, ძვირადღირებული პირადი ნივთები კი ხელუხლებელი დატოვეს.
ანგარიშში ასევე მოხვდა “მთავარი არხის”, “TV პირველის”, “ფორმულის” გადამღებ ჯგუფებზე თავდასხმის შემთხვევები.