თეთრი სახლის წარმომადგენლებმა მესიჯების აპლიკაცია Signal-ის მიმოწერაში შემთხვევით დაამატეს გამოცემა The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი, ჯეფრი გოლდბერგი – მაშინ, როცა ისინი განიხილავდნენ იემენელ ჰუსიტებზე თავდასხმის გეგმებს.
გოლდბერგმა 13 მარტს მოულოდნელად მიიღო დახურულ ჩეტში მიწვევა ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლისგან, მაიკ უოლცისგან. მიმოწერას სათაურად ჰქონდა “Houthi PC small group”, და იქ თავშეყრილი მაღალჩინოსნები განიხილავდნენ დაგეგმილ თავდასხმებს ჰუსიტების წინააღმდეგ.
მიმოწერაში, რომელშიც გოლდბერგი შემთხვევით აღმოჩნდა, მონაწილეობდა 18 პირი, მათ შორის აშშ-ის თავდაცვის მინიტრი, პიტ ჰეგსეთი, საგანგებო წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, სტივ უიტკოფი და თავად მაიკ უოლცი.
გოლდბერგი The Atlantic-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ პენტაგონის ხელმძღვანელმა ამ ჩეტში გაავრცელა იემენში განსაზღვრული სამიზნეების ზუსტი მონაცემები და ინფორმაცია იარაღის ტიპზე. ამავე დროს, ჩეტის მონაწილეები განიხილავდნენ აშშ-ის მხრიდან ოპერაციისთვის გასაწევ ხარჯებს და დაფინანსების ევროპელებზე დაკისრების შესაძლებლობას – რადგან წითელ ზღვაში ხომალდების მოძრაობა აღდგებოდა ამერიკელი სამხედროების მეშვეობით.
გოლდბერგის თქმით, მან თავიდან არ დაიჯერა, რომ ეს ხუმრობა არ იყო. თუმცა შემდეგ მას გაუმყარდა ვარაუდი, რომ ჯგუფი რეალური იყო – და ჩეტი დატოვა, რის შემდეგაც ინციდენტის თაობაზე შეატყობინა უოლცს, ჰეგსეთსა და სხვა ოფიციალურ პირებს.
ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივანმა, ბრაიან ჰიუზმა დაადასტურა, რომ Signal-ში გამართული მიმოწერა ავთენტური იყო. ჰიუზის თქმით, მისი უწყება შეისწავლის როგორ მოხვდა გოლდბერგის ნომერი ამ მიმოწერაში.
გოლდბერგი უშვებს, რომ უოლცმა – რომელიც, როგორც ჩანს, Signal-ს ეროვნული უშიშროების საკითხების განსახილველად იყენებს – შესაძლოა დაარღვია ჯაშუშობის კანონის რამდენიმე პუნქტი. The Atlantic-ის მიერ გამოკითხული იურისტები ამბობენ, რომ მაღალი რანგის ამერიკელ ჩინოვნიკს საერთოდ არ აქვს უფლება მიმოწერა შექმნას აპლიკაცია Signal-ში, რადგან ის არაა დამტკიცებული საიდუმლო მიმოწერის გასავრცელებლად.
გოლდბერგი წერს, რომ მან 15 მარტს ამ ჩატის მეშვეობით 2 საათით ადრე გაიგო როდის, სად და რა იარაღით დაარტყამდნენ ტერორისტული ჯგუფის მებრძოლებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 15 მარტს გასცა დარტყმების ბრძანება ჰუსიტების პოზიციებზე, რომლებიც ჩრდილოეთ იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ. წლის დასაწყისში თეთრმა სახლმა ჰუსიტების მოძრაობა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.
ჰუსიტების წინააღმდეგ ოპერაციის შესახებ გამოაცხადეს რამდენიმე დღეში მას მერე, რაც მოძრაობამ თქვა, რომ განაახლებდა თავდასხმებს ისრაელის ხომალდებზე, ისრაელის მხრიდან ღაზის სექტორის ბლოკადის პასუხად.
ფორუმი
