TBILISI PRIDE: ჩაგრულ ჯგუფებზე ძალადობა არის არა ხალხის ნება, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება

“ყოველთვის ცხადი იყო, რომ ჩაგრულ ჯგუფებზე ძალადობა და მათი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა არასდროს ყოფილა ქართველი ხალხის ნება და ყოველთვის იყო სახელმწიფოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მცირე ძალადობრივი ჯგუფების წახალისებითა და დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერებით ხორციელდებოდა.”- წერს არასამთავრობო ორგანიზაცია TBILISI PRIDE 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებიდან 3 წლის შემდეგ.
“სამი წელი გავიდა ქვიარ თემისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და ტრავმული დღიდან.
2021 წლის 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილი “ღირსების მარში” ვერ შედგა. მარშის გაუქმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღეთ, რაც ქალაქის ცენტრში ძალადობრივმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, ჟურნალისტებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს “თბილისი პრაიდისა” და “სირცხვილიას” ოფისები.
ამ წელს პოლიციამ კიდევ ერთხელ არ უზრუნველყო თემის წევრებისა და მხარდამჭერების უსაფრთხოება, კიდევ ერთხელ გაიმეტა თავისი მოქალაქეები ძალადობისა და სიცოცხლის საფრთხის რისკის წინაშე აღმოჩენისათვის. სახელმწიფოს მიერ წახალისებულ ძალადობასა და პოლიტიკურ ჰომოფობიას ემსხვერპლა ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომლის წინააღმდეგაც ბინძური კამპანიის წარმოებით სცადა ხელისუფლებამ 5 ივლისს ჩადენილი დანაშაულის ჩამორეცხვა.
ჩვენთვის 2021 წლამდეც, 2021 წელსაც და მას შემდეგაც, ყოველთვის ცხადი იყო, რომ ჩაგრულ ჯგუფებზე ძალადობა და მათი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა არასდროს ყოფილა ქართველი ხალხის ნება და ყოველთვის იყო სახელმწიფოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მცირე ძალადობრივი ჯგუფების წახალისებითა და დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერებით ხორციელდებოდა.
ეს დადასტურდა 2021 წლის 6 ივლისსაც, როცა საზოგადოებამ უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადა თემს რუსთაველის გამზირზე. ეს დასტურდება ყოველთვის, როცა ქართველი ხალხი იბრძვის მჩაგვრელი სისტემის წინააღმდეგ; ეს დადასტურდება 26 ოქტომბრის არჩევნებზეც!”- ნათქვამია განცხადებაში.
2021 წელს ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები. პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.
მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა.
პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები.
მათ სამიზნე აუდიტორია –ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა.