NDI: ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ოთხიდან ერთს მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 2023 წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევის თანახმად, ათიდან ერთი მოქალაქე ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის აღწერის დროს ამბობს, რომ საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის.
კერძოდ, 12% ამბობს, რომ საკვებზე ფული არ ჰყოფნის, 28%-ს ფული ჰყოფნის საკვებზე, მაგრამ არ ჰყოფნის ტანსაცმელზე. 45% აცხადებს, რომ ფული ჰყოფნის საკვებზეც და ტანსაცმელზეც, მაგრამ არ აქვს საშუალება ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები შეიძინოს.
10%-ის თქმით, საშუალება აქვთ შეიძინონ ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორებიცაა მაცივარი და სარეცხი მანქანა, მხოლოდ 3% ამბობს, რომ საშუალება აქვს შეიძინოს, რაც სჭირდება.
ეს მონაცემები შეცვლილია 2022 დეკემბრის კვლევასთან შედარებით – მაშინ 18% ამბობდა, რომ საკვებზე ფული არ ჰყოფნიდა, ხოლო 35%-ის თქმით, ფული ჰყოფნიდა საკვებზე, მაგრამ არ ჰყოფნიდა ტანსაცმელზე.
ამასთან, გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა ეკონომიკის მდგომარეობას “საშუალოდ” აფასებს – კერძოდ, 49% ამბობს, რომ მდგომარეობა საშუალოა, 42%-ის აზრით, ცუდი, მხოლოდ 6% ფიქრობს, რომ ეკონომიკის მდგომარეობა კარგია, ხოლო 2%-მა არ იცის.
NDI-ის ცნობით, ეკონომიკის მდგომარეობას ყველაზე კრიტიკულად თბილისის და პატარა ქალაქი მცხოვრებლები, ქალები, ოპოზიციის მხარდამჭერები და გადაუწყვეტლები აფასებენ.
კითხვაზე, თქვენი აზრით, რომელია საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა, გამოკითხული მოსახლეობა მთავარ გამოწვევად უმუშევრობას, დაბალ ხელფასებსა და ინფლაციას ასახელებს. მოქალაქეებს ამ კითხვაზე მაქსიმუმ სამი პასუხის მონიშვნა შეეძლოთ.

ასევე დაგაინტერესებთ