„ცენზორის როლი მოირგო“ — ქარტია EU-ს პრიზზე პაპუაშვილის განცხადებაზე

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს და მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს თავისი კომენტარით ევროკავშირის პრიზზე, მისი ჟიურის წევრებსა და ნომინანტებზე გასცდა ამ თანამდებობისთვის დემოკრატიულ ქვეყანაში განსაზღვრულ მანდატს.
ქარტიის განცხადებით, პაპუაშვილმა ცენზორის როლი მოირგო და თავს დაესხა მათ, ვინც ამ ჟურნალისტური კონკურსის ფარგლებში ჟიურისგან, რომელიც პროფესიული თემის გამორჩეული წარმომადგენლებისგან შედგება, მაღალი შეფასება დაიმსახურეს.
„დამოუკიდებელი ჟურნალისტური კონკურსები ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ჟურნალისტიკის განვითარებისთვის. ამგვარი კონკურსები ქმნის მაღალ სტანდარტს, რომელზეც აქვთ სწორება როგორც პროფესიონალებს ინდუსტრიაში, ისე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს. მათ შორის უთუოდ გამორჩეულია ევროკავშირის პრიზი, რომელიც უკვე წლებია, მხარს უჭერს ქართველი ჟურნალისტების ძალისხმევას პროფესიული განვითარების გზაზე.
ქარტია მადლიერებას გამოთქვამს ყველა იმ დონორის და ორგანიზაციის მიმართ, ვინც ამგვარ ჟურნალისტურ კონკურსებს ატარებს და ხარისხიან ჟურნალისტიკას ახალისებს. მათი წვლილი ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში ფასდაუდებელია.
დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, მათ შორის გელა მთივლიშვილს, ქარტიის საბჭოს წევრს, რომელიც დღეს პარლამენტის თავმჯდომარის სამიზნე გახდა, ამგვარი თავდასხმები ვერ შეაჩერებენ. ისინი გააგრძელებენ მუშაობას, რათა საზოგადოებამდე დროულად მიიტანონ ყველა ის ინფორმაცია, რის მათგან საგულდაგულოდ დაფარვასაც სახელმწიფო მოხელეეები ცდილობენ“ — აცხადებენ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში.
ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ამგვარი კომენტარების კეთების ნაცვლად იმაზე იზრუნონ, რომ ჟურნალისტებმა შეუფერხებლად და დაბრკოლებების გარეშე მიიღონ ის საჯარო ინფორმაციას, რაც ქარტიის განცხადებით, მათ კანონით ეკუთვნით და რაც საქართველოში უკვე, რა ხანია, პრაქტიკულად მიუწვდომელია:
„ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები უნდა აცნობიერებდნენ იმას, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ჟურნალისტების უსაფრთხოებისთვის მათ საჯაროდ გამოთქმულ, დაუსაბუთებელ ბრალდებებს ჟურნალისტების მიმართ, და შესაბამისი პასუხისმგებლობით იმოქმედონ“ — ვკითხულობთ განცხადებაში.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განმარტებას ითხოვს იმის შესახებ, თუ რატომ მოხვდა „მთის ამბების“ ჟურნალისტის, გელა მთივლიშვილის საგამოძიებო სტატია ევროკავშირის პრიზის ფინალისტებში.—
საუბარია შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით გელა მთივლიშვილის მიერ მომზადებულ საგამოძიებო მასალაზე.
პაპუაშვილის მოსაზრებით, მთივლიშვილის სტატია „ტყუილებით სავსე“ იყო და როცა ასეთი მასალა ევროკავშირის კონკურსის ფინალში ხვდება, მნიშვნელოვანია, რამდენად აიღებს ამაზე პასუხისმგებლობას ევროკავშირი.
პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ შოვში 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, რასაც 33 ადამიანი ემსხვერპლა, „დეზინფორმციული კამპანია“ იყო აგორებული.
ვრცლად წაიკითხეთ: პაპუაშვილი EU-სგან განმარტებას ითხოვს, თუ რატომ მოხვდა მთივლიშვილის სტატია კონკურსის ფინალში

ასევე დაგაინტერესებთ