შემაშფოთებელია ინფორმაცია, სპეცრაზმის მიერ აქციის მონაწილეთა მიმართ ძალის გამოყენების შესახებ – ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტარები – დეივიდ მაკალისტერი, მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი ეხმაურებიან საქართველოში რუსული კანონის მიღებისა და მოქალაქეთა პროტესტის ძალისმიერი მეთოდებით ჩახშობის მცდელობას. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენება დაუშვებელია. ევროპარლამენტარები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მსგავსი შემთხვევა განსაკუთრებით მიუღებელია იმ ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს.
“ვწუხვართ საკამათო კანონპროექტის საწინააღნდეგო დემონსტრაციის სპეცრაზმის მიერ ძალისმიერი მეთოდებით დაშლის გამო. მშვიდობიანი საპროტესტო აქციის გამართვის უფლება ფუნდამენტური უფლებაა და ის მკაცრად უნდა იყოს უზრუნველყოფილი, განსაკუთრებით, ევროკავშირის წევრობის მსურველ ქვეყანაში. დაუშვებელია მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენება ნებისმიერი ფორმით. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, უზრუნველყოფს გამოხატვისა და შეკრებისა თავისუფლება და თავიდან აიცილოს ძალადობის ესკალაცია.
ვადასტურებთ ჩვენ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებებს ევროპისკენ და შეგახსენებთ, რომ ნაბიჯები, რომლებიც ევროკომისიამ საქართველოს განუსაზღვრა, ჯერ კიდევ შესასრულებელია”, – აცხადებენ ევროპარლამენტარები.
გარდა ამისა, ისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ხელისუფლებას, არ მიიღოს კანონი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. რუსული კანონის მიღებას, ისინი თავისუფალ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმად აფასებენ.
“ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში, მმართველი პარტიის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის ხელმეორე ინიციირებით. ეს კანონი, რომელმაც გუშინ პარლამენტში პირველი მოსმენა გაიარა, არის თავდასხმა თავისუფალ მედიასა და სამოქალაქო ორგანიზაციებზე. ის შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან. ის ეწინააღმდეგება საქართველოს ამბიციებს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, არ გაუცრუონ იმედები ქართველი ხალხის უმრავლესობის და ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩაერთონ სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი სამუშაო გარემოს მშენებლობის პროცესში”, – ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დეივიდ მაკალისტერი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა, მარინა კალიურანდი სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი, ხოლო სვენ მიქსერი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი.

ასევე დაგაინტერესებთ