ურთიერთბრალდებები საგარეო კურსთან და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით – კამათი პარლამენტის სხდომათა დარბაზში

პარლამენტის პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. ისმოდა ურთიერთბრალდებები საგარეო კურსთან და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ოპოზიციის ნაწილმა სახელისუფლებო გუნდი უმოქმედობაში დაადანაშაულა. დარბაზში იყო კამათი.
პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია” წევრი, ანა წითლიძე აცხადებს, რომ კანდიდატის სტატუსზე დადებითი რეკომენდაცია საქართველოს მოქალაქეების დამსახურებაა.
“კანდიდატის სტატუსზე დადებითი რეკომენდაცია, ეს არის საქართველოს მოქალაქეების დამსახურება. ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა კანდიდატის სტატუსი შემდეგ უნდა იყოს რუსული ხელისუფლების მოშორება და საქართველოს ევროპული ინტეგრაცია,” – აცხადებს ანა წითლიძე.
“ქართული ოცნება” გააკრიტიკა პარლამენტის წევრმა, პარტიის “ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა.
“ქართულ ოცნებას”, ჩვენ, ოპოზიცია, ვუწოდებთ რუსებს და რუსულ პოლიტიკურ ძალას. მე გირჩევთ თქვენ, რომ გაეცნოთ რუსულ პრესას და დაინახავთ, რომ საკუთარ მოკავშირედ რუსები გაცხადებენ თქვენ, რუსები გიკრავენ ტაშს,” – მიმართა სალომე სამადაშვილმა უმრავლესობის წევრებს.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით კი, ოპოზიცია ყოველ დილით ეცნობა რუსულ პრესას, მაგრამ არ ეცნობიან ქართულს.
“თურმე ჩვენი კოლეგები ყოველ დილით ეცნობიან რუსულ პროპაგანდას, რუსულ პრესას…. და არ ეცნობიან სხვათა შორის ქართულ პრესას, სადაც ევროკავშირის ელჩი ამბობს ამ დილით, რომ მიესალმება საქართველოს ხელისუფლების ელვისებურ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ახლა უკვე 9 ნაბიჯი აღასრულოს. ხელი არ უნდა შეუშალოთ იმ გზას, რასაც ჰქვია რატიფიცირებიდან კანდიდატის სტატუსამდე და ჩვენთან ერთად იზეიმოთ 15 დეკემბერს, გაგიხარდეთ და არ შეგშურდეთ,” – ამბობს მაია ბითაძე.

ასევე დაგაინტერესებთ