სტარტაპების მოგების გადასახადისგან სამი წლით გათავისუფლების ინიციატივა ბუნდოვანია – ირაკლი ერაძე

SST-ის მმართველი პარტნიორი, ირაკლი ერაძე ამბობს, რომ მისთვის სახელმწიფოს გეგმა, რომლის მიხედვითაც სტარტაპ-კომპანიები მოგების გადასახადისგან სამი წლით გათავისუფლებული იქნებიან, კარგი გზავნილია ფერმერებისთვის, თუმცა სტარტაპ-კომპანიის ბუნებიდან გამომდინარე ბუნდოვანია.
როგორც „საქმიან დილაში“ სტუმრობისას, ერაძემ აღნიშნა, ინვესტორი რომ სტარტაპში თანხის ჩადებით დააინტერესო და საგადასახადო შეღავათით მიიზიდო, დროის გაწერა, რომ მაგალითად, სამი წლით გაათავისუფლებ გადასახადისგან, ნაკლებად მიმზიდველია, ვინაიდან სტარტაპებს დრო სჭირდებათ „ფეხზე დასადგომად“ და მოგებაზე გასასვლელად.
„ზოგადად, , თუ რაიმე მოგების დაწერას იწყებს გარკვეული პერიოდის შემდეგ, ის მოგება ისევ კომპანიაში ბრუნდება, რათა ფეხზე დადგეს და ისეთ კომპანიად ჩამოყალიბდეს, რომელიც მოგებაზე მუშაობს. ამიტომ უკეთესი იქნებოდა, საუბარი არა დროის რაღაც მონაკვეთზე იყოს, ვთქვათ, 3, 5 თუ 10 წელი, არამედ იმაზე, რომ კომპანია უკუგების პერიოდს რომ გადალახავს, შემდეგ გარკვეული პერიოდი იყოს გათავისუფლებული მოგების გადასახადისგან. ინვესტორისთვის მიმზიდველი იქნება საგადასახადო შეღავათი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კომპანიიდან მოგების გატანას თავის საკუთარი მიზნებისთვის დაიწყებს“, – აღნიშნა ირაკლი ერაძემ.
ამასთან, როგორც ერაძე ამბობს, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა ზუსტად უნდა გაიწეროს, რათა ცალკეული კომპანიების მხრიდან მაქინაციების შემთხვევები თავიდან იქნეს აცილებული.
„არსებულმა კომპანიამ იმისთვის, რომ გადასახადებიდან თანხები დაზოგოს, შესაძლოა, შვილობილი კომპანია გააკეთოს, რომელიც თითქოს სტარტაპი იქნება. ამიტომ აქ ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი. საქართველოში დღეს არიან კომპანიები, რომლებიც ნამდვილად სტარტაპები არიან, მაგრამ არიან ასევე კომპანიები, რომლებიც თავიანთ თავს სტარტაპებს უწოდებენ, თუმცა, არ არიან“, – განაცხადა SST-ის მმართველმა პარტნიორმა “საქმიანი დილის” ეთერში და დასძინა, რომ საკანონმდებლო ინიციატივის გაწერისას დასავლეთის პრაქტიკის გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სტარტაპების მხარდასაჭერად ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე გააჟღერა. როგორც მ აღნიშნა, საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიები, რომლებსაც სამი წლის განმავლობაში გადასახადები გაუნულდებათ. განისაზღვრება ქვეყნის სამი ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულება: პირველი – ხელოვნური ინტელექტი განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებებით, რომლის დანერგვაზე სამუშაოდ, სპეციალური სამეცნიერო ჯგუფი შეიქმნება. შემდეგი საკვანძო მიმართულებაა ფაგები, რა მიმართულებითაც პრემიერის თქმით, საქართველოს შეუძლია მსოფლიოს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროდუქტები შესთავაზოს და ბოლოს, აგროტექნოლოგიები. საუბარია ახალ სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნაზე, რომლებიც ქართველ ფერმერებს პროდუქტიულობის და კონკურენტუნარიანობის გაზრდაში დაეხმარება.

ასევე დაგაინტერესებთ