მოსახლეობა და პარტნიორები გეუბნებიან, რომ არ გააკეთო, ამ სიჯიუტეს გამართლება არ აქვს – ჰოტელიერი „რუსულ კანონზე“

ჰოტელიერი შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ მოსახლეობისა და სტრატეგიული პარტნიორების განწყობის ფონზე, გაუმართლებელია სიჯიუტე, რომლითაც პარლამენტი ე.წ. რუსული კანონის მიღებას ცდილობს.
როგორც შალვა ალავერდაშვილმა BMG-სთან განაცხადა, კანონის წინააღმდეგ მოსახლეობის პროტესტს უერთდება.
„გუშინაც ვიყავი აქციაზე. მინდა გითხრათ, რომ რაც არ უნდა მოხდეს და რაც არ უნდა მართლად თვლიდეს თავს მთავრობის ნებისმიერი წევრი, მთავრობის მეთაური თუ პარლამენტი, როდესაც ამდენი ხალხის ასეთ ემოციას იწვევ, მით უმეტეს ახალგაზრდების, ასევე, მთელი საქართველო, ევროპა და ამერიკა გეუბნება, რომ არ გააკეთო და მაინც ჯიუტად აკეთებ, ამას გამართლება არ აქვს. რაც არ უნდა ეწეროს, სულ რომ დეტალებში არ ჩავიდეთ და არაფერი წავიკითხოთ…“,- ამბობს ჰოტელიერი.
მისივე განცხადებით, არასტაბილურობა ტურიზმის ინდუსტრიას აზიანებს და უკვე სახეზეა ჯავშნების გაუქმება.
„შარშანდელი პროტესტი დაემთხვა, როდესაც საქართველო იყო ბერლინში, ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანა. ყველას გვემჩნეოდა, რომ ძალიან ვნერვიულობდით. ნებისმიერი ასეთი რამ, აქციები, ქვეყანაზე გასული სიუჟეტი, სადაც მოსახლეობის პროტესტია და ხდება გადაცემა იმის, რომ პოლიცია უსწორდება ხალხს, ნეგატიურად აისახება ტურიზმზე, რადგან ჩვენი ტურიზმი ძალიან მყიფეა. ნებისმიერ პატარა გამოვლინებას უდიდესი რეაქცია მოჰყვება ხოლმე და ნამდვილად გვაქვს, ნომრების ჯავშნების გაუქმებები, განსაკუთრებით ცენტრალურ რაიონებში, პარლამენტის გარშემო სასტუმროებში ბევრი ჯავშანი გაუქმდა.
შეიძლება ვიღაცამ არგუმენტი მოიყვანოს, რომ ყველგან ხდება პროტესტი და იქ ტურიზმი მაინც არის. ჩვენ არც პარიზი ვართ, არც ბარსელონა და არც ტურისტულად ისე განვითარებული ქვეყანა, რომ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდეს. ნამდვილად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სტაბილურობას“,- განმარტავს შალვა ალავერდაშვილი.
18 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა “რუსული კანონი” პირველი მოსმენით მიიღო. “გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი 0-ის წინააღმდეგ.
„ქართული ოცნების“ კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ, თუმცა მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.
bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ