„მოთხოვნა დიდია, გვიწევს უარის თქმაც“ – ცხოველების სასტუმრო „ციბა“

თბილისში ცხოველების სასტუმრო „ციბა“ 2018 წელს გაიხსნა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „ციბას“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ალექსანდრა ჯაფარიძე ამბობს, პანდემიის დროს იკლო მოთხოვნამ, მაგრამ შემდეგ ისევ იმატა, მომსახურების ფასი კი დაახლოებით 15%-მდე გაიზარდა. ამჟამად „ციბაში“ შინაური ცხოველების დატოვე 1 დღე-ღამით 15-დან 40 ლარამდე ღირს.
„კომერსანტი“ „ციბას“ დამფუძნებელს ცხოველების სასტუმროს შექმნის, პირობებისა და ფასების შესახებ ესაუბრა.
როდის გაიხსნა ცხოველების სასტუმრო „ციბა“, რომელ ცხოველებს ემსახურებით და რამდენ სტუმარზეა გათვლილი სასტუმრო?
ალექსანდრა ჯაფარიძე, ცხოველების სასტუმრო „ციბას“ ხელმძღვანელი: სასტუმრომ მუშაობა 2018 წლიდან დაიწყო, მაშინ ჯერ კიდევ ვეტერინარიის ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი. „ციბა“ საოჯახო ტიპის სასტუმროა, სადაც ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. ჩვენს სასტუმროში ცხოველები არ არიან ვოლიერებში, არც გალიებში, არ ვკეტავთ. დიდი ეზო გვაქვს და იმდენ ცხოველს ვიტოვებთ, რამდენსაც შეუძლია, რომ თავისუფლად იყოს. გვყავს ხოლმე 7-8 ძაღლი და 4-5 ფისო. ძირითადად პატარა ზომის ძაღლებს ვიტოვებთ. ვერიდები, რომ ერთდროულად დიდი ზომის რამდენიმე ძაღლი დავიტოვო. კატები სხვადასხვა ოთახებში იზოლირებულად არიან გადანაწილებული.
ძაღლებისა და კატების გარდა, კიდევ რომელ ცხოველებს იტოვებთ?
ვისაც რა შინაური ცხოველი ჰყავს, შეზღუდვა არ მაქვს, ყველაფერს ვიტოვებთ – თუთიყუშს, თხუნელას, ზღვის გოჭს, თევზებს, წყლის კუს, კურდღელს, ზაზუნას. ერთდროულად მაქსიმუმ 15 ცხოველის დატოვება შეგვიძლია.
თითოეული ცხოველის შემთხვევაში სასტუმეროში ფასები როგორია?
ძაღლის შემთხვევაში 40 ლარი ღირს დღე-ღამე და საკვები პატრონმა თვითონ უნდა მოიტანოს; კატის შემთხვევაში – 25 ლარი და პლუს საკვები და ქვიშა ტუალეტისთვის; სხვა ცხოველებისთის (კურდღელი, კუ, თუთიყუში, თხუნელა) – 15 ლარი. ესენიც საკვებით უზრუნველყოფილები უნდა იყვნენ.
მოთხოვნა როგორია, პანდემიის შემდეგ გაიზარდა?
2018 წელს „ციბა“ სტაციონარივით იყო. კლინიკიდან სახლში ვიტოვებდი ცხოველებს, რომელთაც ჯერ პატრონს ვერ ვატანდი და მოვლა სჭირდებოდათ. შემდეგ ავტომატურად განვითარდა სასტუმროდ. პანდემიის პერიოდში, 2020 წლიდან, ნაკლები იყო მოთხოვნა, პანდემიის მერე საკმაოდ გაიზარდა. ჩვენთან რაკი გამოკეტილი არ არიან ცხოველები, ცოტას ვიტოვებ და მოთხოვნა უფრო დიდია, ვიდრე შემიძლია მიღება. ამიტომ, უარის თქმაც მიწევს ხოლმე. მუდმივი და სტაბილური სტუმრები გვყავს და მირჩევნია ამ მუდმივ სტუმრებს უარი არ ვუთხრა, რაკი უკვე შეჩვეულები არიან გარემოს და ახალი არ მივიღო.
პანდემიის შემდეგ ფასი გაიზარდა?
პანდემიის შემდეგ ფასი დიდად არ გაზრდილა, მხოლოდ 5 ლარით. მანამდე 35 ლარი ღირდა დღე-ღამე, ახლა – 40 ღირს.
დამატებითი სერვისი თუ გაქვთ, მაგალითად – დაბანა?
შემიძლია, თუ აქვთ სურვილი. პატარა ზომის ძაღლის დაბანა თუა საჭირო, 20 ლარი ღირს, დიდი ზომის ძაღლის – 50 ლარი. ფისოებს ხშირად დაბანა არ სჭირდება და ეს მომსახურება 15 ლარი ღირს.
გაფართოებას ხომ არ გეგმავთ?
გაფართოებას ჯერ არ ვფიქრობ. არ მინდა უფრო მეტი ცხოველი მყავდეს, არ მინდა დაისტრესონ. მირჩევნია, ცოტა იყვნენ და თავი კომფორტულად იგრძნონ. 30 და 40 ძაღლის დატოვება, ჩემთვის მისაღები არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ