„ზაფხულიდან მანქანის ფასები გაიზრდება“ – Dove Line

„მანქანის ფასები ზაფხულიდან გაიზრდება, თუ ადრე ერთი ნაწილის შეღებვა 70 ლარი ღირდა, ახლა 200 ლარი ღირს“ – ამბობს ავტოიმპორტიორი კომპანია Dove Line-ის წარმომადგენელი ჯაბა გოგინაშვილი.
რუსთავის ავტობაზრობაზე არსებული მდგომარეობის და ბაზრის ტენდენციების შესახებ ჯაბა გოგინაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში ამბობს, რომ მიმდინარე თვეები მეტად არასტაბილურია როგორც ფასების, ისე მომხმარებლის კუთხით, მაგრამ გაზაფხულის დადგომასთან ერთად, სიტუაცია გაუმჯობესდება და ზაფხულიდან ფასი სტაბილურად გაიზრდება.
„ახლა საკმაოდ არასტაბილური მდგომარეობაა, მარკეტიც არასტაბილური იყო იანვარ-თებერვალში და ეს თითქმის ყოველთვის ასეა. ამინდების გამოსვლასთან ერთად ველოდებით მოთხოვნის გაზრდას, რასაც ავტომატურად მოჰყვება ფასების მატება ავტომობილებზე. ეს იმით აიხსნება, რომ ყაზახეთსა და ყირგიზეთში, უფრო მეტად გაზაფხულ-ზაფხულზე გაჰყავთ მანქანები, რადგან იქ საკმაოდ მკაცრი ჰავაა და მარტი-აპრილშიც კი შეიძლება თოვლი იყოს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზაფხულზე იქმნება მანქანების ე.წ. დეფიციტი, მოთხოვნა კი კვლავ დიდია, რაც ასევე იწვევს ფასის ზრდას“, – განაცხადა კომპანია Dove Lines-ის წარმომადგენელმა.
რესპონდენტი ჩვენთან საუბრისას იმასაც აღნიშნავს, რომ ქართველი მომხმარებელი ხშირად გაზრდილი ფასებით უკმაყოფილოა, მაგრამ იმაზე არ ფიქრობს, თუ რეალურად რამ გამოიწვია ფასების მატება, რომ გაძვირდა როგორც მანქანის ნაწილები, ისე მისი შეკეთების ხარჯებიც.
„ქართველ მომხმარებლებს ბაზრობაზე ამოსვლისას ჰგონიათ, რომ დილერი მათ დიდ თანხას უგებს, მაგრამ იმაზე არავინ საუბრობს და ფიქრობს, რომ გაგვიძვირდა ავტომობილის ნაწილები, ხელოსანი, საღებავი. თუ შარშანწინ ავტომობილის ერთი ნაჭრის შეღებვა 70-80 ლარი ღირდა, ახლა 200-300 ლარები ღირს. ჩვენთვის პირიქით უკეთესია მანქანის დაბალ ფასში გაყიდვა, რადგან პროდუქტი უფრო ხელმისაწვდომი იქნება და ყველა მანქანაზე თითქმის ერთნაირი მოგება გვრჩება სტაბილურად“, – განმარტავს ჯაბა გოგინაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“.
bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ