„ეკონომიკური ზრდა იქნება რეგიონში ერთ-ერთი მაღალი, სულ მცირე 5%“ – ნათია თურნავა

„ეკონომიკური ზრდა იქნება რეგიონში ერთ-ერთი მაღალი – სულ მცირე 5%“- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ „ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
მისი თქმით, ინფლაცია საკმარისად დაბალია, ეკონომიკური აქტივობა პროპანდემიურ ტენდენციას უბრუნდება, მაგრამ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ეროვნული ბანკის მანდატიდან გამომდინარე, სებ-ის მთავარი ამოცანა ფასების დონის სტაბილურობის შენარჩუნებაა.
„ეს მიღწეულ იქნა როგორც ჩვენი გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ფონზე, ასევე მთავრობის ანტი ინფლაციური პოლიტიკის შედეგად,“ – აღნიშნავს თურნავა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 2024 წლის პროგნოზებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მომავალ წელს მარეგულირებლის საბაზისო პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია კვლავაც შედარებით დაბალ დონეზე შენარჩუნდება და წლის ბოლოს მიზნობრივ 3%-იანი ნიშნულის ირგვლივ დასტაბილურდება.
„ეკონომიკური ზრდა იქნება რეგიონში ერთ-ერთი მაღალი – სულ მცირე 5%, ეს მნიშვნელოვანია, რადგან ფინანსური სისტემის სტაბილურობას უწყობს ხელს,“ – აცხადებს თურნავა.
მისივე განცხადებით, გაზრდილია ინტერესი ციფრული ბანკების მიმართ, ეს არის ალტერნატიული, მაღალტექნილოგიური ფინანსური სერვისების მიწოდების წყარო. “მომავალში ველოდებით, რომ საკრედიტო აქტივობა ზომიერად გაფართოვდება,” – აცხადებს თურნავა.
წყარო: ბიზნეს-პარტნიორი

ასევე დაგაინტერესებთ