ახალციხე, გარდაბანი, ყაზბეგი, ხულო და წყალტუბო – დღეს, ამ ქალაქებმა “ახალი წლის დღეებს” უმასპინძლეს

საშობაო სოფელი, სანტას კუთხე, თემატური დეკორაციები, გასართობი და შემეცნებითი აქტივობები – რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, საზეიმო განწყობაა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, სადაც ჯადოსნური დღესასწაული 13 იანვრამდე გაგრძელდება. ახალციხე, გარდაბანი, ყაზბეგი, ხულო და წყალტუბო – დღეს ამ ქალაქებში სტუმრებს საგანგებოდ მომზადებულები დახვდნენ.
პატარების განწყობაზე მთელი დღის განმავლობაში ზღაპრის გმირები და ანიმატორები ზრუნავდნენ. საახალწლო დღესასწაულს არ აკლდა მუსიკალური გაფორმებაც – ცნობილი მომღერლები და ბენდები ყველა მუნიციპალიტეტში ჩავიდნენ.
წყალტუბოს ცენტრალურ სკვერში მოწყობილ საშობაო სოფელში, პატარების განწყობაზე სანტამ და ელფებმა იზრუნეს. მოეწყო ზღაპრის გმირების ორკესტრირებული მსვლელობები. ღონისძიება კონცერტით დასრულდა, სადაც მონაწილეობა ცნობილმა შემსრულებლებმა მიიღეს.
ახალი წელი იზეიმეს ახალციხეშიც. ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან ადგილობრივებს გასართობი სივრცეები და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა დახვდათ. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ახალი წელი ჯგუფმა “რეგიონმა” და “ქუჩის ბიჭებმა” მიულოცეს.
სადღესასწაულო განწყობაა გარდაბანშიც. ქალაქის ცენტრში თავი ყველა ასაკის ადამიანმა მოიყარა. პატარებისთვის ახალი წლის დღეები ანიმატორებმა და ილუზიონისტებმა გაალამაზეს.
ახალი წელს აღნიშნავენ მაღალმთიან აჭარაშიც. ქალაქის ცენტრში, ამინდის მიუხედავად, უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. საახალწლო ინსტალაციები, ფოტო სტენდები და საშობაო სოფელი ყველა ასაკის ადამიანზეა გათვლილი.
დილიდან საახალწლო განწყობაა ყაზბეგშიც. საშობაო ბაზრობაზე სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში სტუმრებს ამ კუთხისთვის დამახასიათებელი კერძების და პროდუქციის დაგემოვნება შეეძლოთ. ღონისძიება კონცერტით დასრულდა.
“ახალი წლის დღეები” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში ტარდება. ღონისძიებები 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.