ალეკო ელისაშვილი – აბჯარი ავისხათ და მოვემზადოთ დიდი ცემა-ტყეპისთვის – არც ეს კანონი უნდა მივაღებინოთ, ქუჩაში თუ იქნება გასასვლელი, უნდა გავიდეთ, პარლამენტში საჩხუბარი იქნება, უნდა ვიჩხუბოთ

ჩვენ არავინ დაგვკავშირებია და დიდი სურვილიც არ მექნებოდა რამდენიმე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ხელი მომეწერა ასეთი განცხადებისთვის, – ასე უპასუხა პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა კითხვას, თუ რატომ არ მოაწერა ხელი პარტია „მოქალაქეების“ სახელით 7 პოლიტიკური პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებას.
როგორც ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, პარტია მოქალაქეების პოზიცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ცხადია. მისი თქმით, კანონპროექტი არის „რუსული კანონი“.
„ჯერ ერთი, ჩვენ არავინ დაგვკავშირებია და დიდი სურვილიც არ მექნებოდა რამდენიმე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ხელი მომეწერა ასეთი განცხადებისთვის. ჩემი და ჩვენი პარტიის პოზიცია ისედაც მკაფიოა ამ საკითხთან დაკავშირებით, რუსული კანონია, სიტყვა – სიტყვით არის ნათარგმნი რუსულიდან, რომელსაც ორი მიზანი აქვს: ერთი ის, რომ ევროპას დაგვაშოროს და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა მოგვიკლას და განიმტკიცონ ძალაუფლება“,- განაცხადა ელისაშვილმა.
როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არ უნდა გაატანინოს.
„აბჯარი ავისხათ და მოვემზადოთ დიდი ცემა-ტყეპისთვის, დიდი ბრძოლა და ვნებათაღელვა გველის – იმაზე უარესი, რაც იყო, რადგან ახლა უფრო გაშმაგებით არიან მობილიზებულები. არც ეს კანონი უნდა მივაღებინოთ, თუ აქცია იქნება საჭირო, უნდა გამოვიდეთ. ქუჩაში თუ იქნება გასასვლელი, უნდა გავიდეთ. თუ საჩხუბარი იქნება, უნდა ვიჩხუბოთ. პარლამენტში საჩხუბარი იქნება, უნდა ვიჩხუბოთ, რადგან ამათ არაფერი ესმით“,- განაცხადა ელისაშვილმა.
რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის ს განცხადებას, რომ „გამჭვირვალობის კანონპროექტზე სხვადასხვა პირს ვესაუბრე, მათ შორის, ევროკავშირის ელჩსაც – ისინი ხელებს შლიან, არ იციან ფული როგორ იხარჯება“, ელისაშვილი აცხადებს, რომ ეს არის უკადრებელი ტყუილი პაპუაშვილისგან, რადგან არასამთავრობო სექტორში ყველაფერი გამჭვირვალეა.
„ტყუილია, ეს არის უკადრებელი ტყუილი პაპუაშვილისგან. ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია ყოველთვე ჩააბაროს დეკლარაცია საგადასახადო სამსახურს, სადაც თუკი ყავა იყიდა, კალამი იყიდა, მაგიდა თუ კომპიუტერი ყველა ხარჯია აღრიცხული. პირველ რიგში, ამას დონორი გთხოვს, რადგან ეს არის ევროკავშირის გადასახადის გადამხდელთა ფული. არასამთავრობო სექტორში ყველაფერი გამჭვირვალეა. გამჭვირვალობას დონორი გთხოვს და შემდეგ ჩვენი საგადასახადოც. შეგნებულ, მავნებლურ, რუსულ ტყუილს იძახიან, რადგან ხელისუფლებაში დარჩენა უნდათ“,- განაცხადა ელისაშვილმა.
ამასთან, ელისაშვილმა ოპოზიციის გეგმასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კანონპროექტი არ მიიღოს ხელისუფლებამ.
„არ ვიცი „ნაციონალებს“ თავში რა უდევთ, არც „ლელოს“ ან გახარიას, მე რასაც შევძლებ მაქსიმუმს გავაკეთებ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს რუსული კანონი არ გავიდეს ჩვენს ქვეყანაში. როგორც კი შემოიტანენ მაშინვე უნდა დავირაზმოთ, აბჯარი უნდა ავისხათ და ქუჩაში უნდა დავდგეთ. იმაზე უფრო მეტი სეირი უნდა ვაჩვენოთ, ვიდრე შარშან“,- აღნიშნა ელისაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ