საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ადასტურებენ, რომ “დაურეგისტრირებელი, საეჭვო წარმომავლობის” ონკოლოგიური მედიკამენტის შემოტანაზე გამოძიება მიმდინარეობს.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მომართვა, რომლის თანახმადაც, 2023 წლის განმავლობაში ერთ-ერთი კერძო კომპანიის მიერ საზღვარგარეთიდან იმპორტირებული იქნა საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტი (ძირითადად ონკომედიკამენტები), რაც შემდგომში რეალიზებული იქნა პაციენტებზე, როგორც მათი პირადი სახსრების გამოყენებით, ასევე სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების ფარგლებში.
მათივე განცხადებით, კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
პროკურატურის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე შემჭიდროებულ ვადებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება, რომლის შედეგების თაობაზეც მოხდება საზოგადოების ინფორმირება.
დღეს, 4 მარტს, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ გამოვლენილია ფაქტები, როდესაც “საეჭვო ქვეყნიდან” ხდებოდა დაურეგისტრირებელი, საეჭვო წარმომავლობის ათასობით ცალი ონკოლოგიური მედიკამენტის შემოტანა.
მისი თქმით, სავარაუდოდ, მინიმუმ 60 ონკოლოგია ჩართული ამ სქემაში და მათ მიერ გამოწერილი ფორმა 100-ის საფუძველზე მილიონობით ლარის დაფინანსების მოთხოვნა შედიოდა როგორც სამინისტროში, ასევე მუნიციპალიტეტებში, ხოლო ონკოლოგიური პაციენტებისთვის ხდებოდა გაურკვეველი წარმოშობის წამლის გამოწერა და გამოყენება.
აზარაშვილის თქმით, ამ საკითხის შესაბამისი შუალედური განხილვა უკვე მოხდა პროფესიულ საბჭოზე და საქმის მასალები გადაგზავნილია სამართალდამცავ სტრუქტურებში.