“SWIFT-ის, როგორც ეფექტური საგადახდო სისტემის პოლიტიკური ზეწოლის იარაღად ქცევა, თავად მას ასუსტებს, რაც შეეხება VISA და MASTERCARD-ს, არსად არ გადის”

ძალიან სამწუხაროა, რომ, როგორც ადგილობრივი პოლიტიკოსები, ასევე, უცხოელი პოლიტიკოსები იყენებენ სანქციების მექანიზმს, როგორც პოლიტიკური ზეწოლის იარაღს, ისე, რომ არც დასაბუთება არის ჩვენთვის გასაგები, არც გამჭვირვალე არ არის და არც რაიმე არბიტრაჟის შეპასუხების შესაძლებლობა არსებობს,” – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ “ღამის კურიერის” ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ქართული საბანკო სისტემა ყველაფერს იცავს თავიდან ბოლომდე და არის ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული.
“ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, კონტრპროდუქტიულია და არ აღწევს იმ მიზანს, რისთვისაც თავის დროზე სანქციები იყო მოგონილი და უფრო იწვევს იმედგაცრუებას და გულის წყრომას მოსახლეობაში. განსაკუთრებით, როდესაც უსამართლობის შეგრძნება არის. ჩვენი საბანკო სისტემის, თუნდაც “ქართუ ბანკის” მიმართ, როგორც ერთ-ერთი საბანკო ინსტიტუტის მიმართ ასეთი მოწოდების გაჟღერება, თუნდაც ეს მხოლოდ პოლიტიკის რიტორიკის დონეზე, არის ძალიან უსამართლო. იმიტომ, რომ ჩვენი საბანკო სისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული, მათ შორის, “ქართუ ბანკიც,” სადაც ფორმალური პრობლემა არ არსებობს და საყვედური არავის არ ეთქმის. ჩვენი საბანკო სისტემა ყველაფერს იცავს თავიდან ბოლომდე, ჩვენ ამას ვუყურებთ და ვაკვირდებით.
კიდევ ერთ რაღაცას ვიტყვი, როგორც ცენტრალური ბანკირი და როგორც ეკონომისტი, ასეთი მოხშირებული ხსენება და გამოყენება ამ კონტექსტში SWIFT-ის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული, ეფექტური საგადახდო სისტემისა, ამის ხსენება, როგორც პოლიტიკური ზეწოლის იარაღის, ანუ ამის იარაღად ქცევა, საბოლოო ჯამში, თვითონ ამ სისტემას – SWIFT-ს ასუსტებს და იწვევს სურვილს სხვადასხვა ქვეყანაში ალტერნატივებზე იფიქრონ,” – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, არც VISA და არც MASTERCARD-ი საქართველოდან არ გადის. მისივე თქმით, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება შეგნებული სპეკულაციაა.
“რაც შეეხება VISA და MASTERCARD, რა თქმა უნდა, არც VISA და არც MASTERCARD-ი არსად არ გადის. ეს ან რაღაც შეგნებული სპეკულაცია იყო ან რაღაც მისკომუნიკაცია. არიან წარმოდგენილები საქართველოში და დიდი ხანია არიან ჩვენი საბანკო სისტემის პარტნიორები და ბაზრის რაღაც წილს ყოველთვის შეინარჩუნებენ,” – განაცხადა ნათია თურნავამ.
რუსთავი 2