SmartPaw-მ ამერიკელი ანგელოზი ინვესტორებისგან $25 000 მოიზიდა

ქართულმა სტარტაპმა SmartPaw (სმარტფო), Future Laboratory Ventures-ის მხარდაჭერით, ამერიკელი ანგელოზი ინვესტორებისგან $25 000 მოიზიდა.
როგორც SmartPaw-ის დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა გუგა აბაშიძემ განაცხადა, SmartPaw ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და სერვისებს ქმნის შინაური ცხოველების მოვლის სფეროში.
„ჩვენი სერვისი პასუხისმგებელ მეპატრონეებს კვების ავტომატიზაციის მარტივ და გამოწერაზე დაფუძნებულ გადაწყვეტას სთავაზობს. კვების სწორი განრიგი შინაური ცხოველის ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ამ რეჟიმის დაცვა მეპატრონეებისთვის ხშირად რთულია, სწორედ ამ დროს შემოდის SmartPaw.
ჩვენი მომხმარებლებისთვის პროდუქტების ფასი იგივეა, რაც მაღაზიებში, თუმცა დამატებით იღებენ უფასო, რეგულარულ მიწოდებას და SmartPaw Feeder-ს მოწყობილობას, რომელიც პროგრამირებულია საკვების ზუსტი რაოდენობის ზუსტ დროში გასაცემად“, – აცხადებს იგი.
SmartPaw Future Laboratory Ventures-ის პორტფოლიო კომპანიაა. Future Laboratory Ventures-ი კი საქართველოში პირველი ლიცენზირებული ვენჩურული ფონდია, რომელიც სტარტაპებს ადრეულ სტადიაზე აფინანსებს და განვითარებაში ეხმარება.
SmartPaw-მ ინვესტორები Future Laboratory Ventures-ის მიერ ორგანიზებულ დემო დღეზე გაიცნო, სადაც პროექტმა მათი მოწონება დაიმსახურა და მოკლე პერიოდში დაფინანსება მოიპოვა. ამჟამად კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს რეგიონალურ ვენჩურულ ფონდებთან, რათა დახუროს პირველი საინვესტიციო რაუნდი $100 000-ის ოდენობით.
Future Laboratory Ventures-ის მმართველი პარტნიორი, ირაკლი ქაშიბაძე, აღნიშნავს ინვესტიციის მნიშვნელობას:
„SmartPaw-ს წარმატება ცხადყოფს, რომ ქართულ სტარტაპებს აქვთ პოტენციალი, მოიზიდონ საერთაშორისო ინვესტიციები და დაიმკვიდრონ ადგილი გლობალურ ბაზარზე. ჩვენი მიზანია, მხარი დავუჭიროთ ასეთ ინოვაციურ პროექტებს და ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ვენჩურული კაპიტალის განვითარებას“- ამბობს ირაკლი ქაშიბაძე.
SmartPaw ოპერაციების გაფართოებას კავკასიის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ბაზრებზე გეგმავს, სადაც შინაური ცხოველების მოვლაზე დახარჯული თანხის მოცულობამ გასულ წელს $1.3 მილიარდს გადააჭარბა.