SKI პატრულის არარსებობის გამო, სიტუაცია უკონტროლოა, ბურანებით დადიან იქ, სადაც ბავშვები და მოთხილამურეები სრიალებენ – „მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია“
გასულ წელს გუდაურში სკი პატრული არ ყოფილა, არ ვიცით, გვეყოლება თუ არა წელს, – ამბობს „მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის“ თანადამფუძნებელი მირანდა ესაკია რადიო „კომერსანტის“ ეთერში და განმარტავს, რომ სკი პატრული სათხილამურო კურორტების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც.
„სკი პატრული ჩვენთან 2016 წლიდან, მას შემდეგ გამოჩნდა, რაც უბედური შემთხვევა მოხდა. შარშან საერთოდ არ გამოჩენილა. მივმართეთ შსს-ს, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. წელს რამდენად გვეყოლება სკი პატრული, ინფორმაცია არ გვაქვს და იქნებ მედიამ მაინც გაარკვიოს, რადგან ბიზნეს ასოციაციას არ აქვს არანაირი კონტაქტი სახელმწიფო სტრუქტურებთან – ისინი კრიტიკიდან გამომდინარე, ჩვენთან კომუნიკაციაში არ შემოდიან“, – ამბობს მირანდა ესაკია.
როგორც მირანდა ესაკია განმარტავს, სკი პატრულის ყველაზე მნიშვნელოვანი დანიშნულება უსაფრთხო სრიალის უზრუნველყოფაა. გარდა ამისა, სკი პატრულს ეხება ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი პირების კონტროლი, ასევე, თოვლმავალი მანქანების, ე.წ. ბურანის მოძრაობის კონტროლი და ასე შემდეგ.
„მთელ მსოფლიოში აკრძალულია თოვლმავალი მანქანების სათხილამურო ტრასაზე სიარული, მათთვის არის ცალკე სივრცე, თუმცა, უამრავი მოთხოვნის მიუხედავად, გუდაურში ეს არ კონტროლდება. ბურანებით დადიან უკონტროლო სიჩქარით იქ, სადაც სრიალებენ ბავშვები და მოთხილამურეები. შარშან, სკი პატრულის არარსებობის გამო, სიტუაცია საერთოდ უკონტროლო იყო. ადგილი ჰქონდა რამდენიმე ინციდენტს, თუმცა, არ გახმაურებულა, რადგან არ დამდგარა ფატალური შედეგი. როგორც ჩანს, ჩვენს ქვეყანაში ვინმე უნდა დაიღუპოს, რომ სახელმწიფოს სტრუქტურებს რეაქცია ჰქონდეთ“, – განაცხადა მირანდა ესაკიამ რადიო „კომერსანტის“ ეთერში.




