ჯანსაღი კვებისა და წვენების ქართული ბარი SKA ქვეყნის საზღვრებს გასცდა. კომპანიამ ევროპაში პირველი ფილიალი ჩეხეთში გახსნა – ამის შესახებ BM.GE-სთან “სკას” დამფუძნებელმა, გიორგი ტალახაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, პრაღის ბაზარზე შესვლის გადაწყვეტილება კომპანიამ სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით მიიღო.
“ჩვენი სამიზნე ბაზარია CEE (ცენტრალური & აღმოსავლეთ EU). უფრო კონკრეტულად ის ბაზრები, სადაც ნაკლებად არის “სკას” მსგავსი healthy food retailer-ები. 2023 წლის აგვისტოში მივიღეთ პრაღაში შესვლის გადაწყვეტილება. EU-ს ბევრ სხვადასხვა ქალაქში გვქონდა ვიზიტი შარშან ზაფხულს, რის შემდეგაც პრაღა გადავწყვიტეთ სამი ძირითადი მიზეზის გამო: 1) გეოგრაფია (ევროპის ცენტრი), 2) Wolt-ის ბაზრის წილი (როგორც იცით ვოლტთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს და იმ ბაზრებზე ვცდილობთ შესვლას, სადაც მათ დიდი ბაზრის წილი აქვთ); 3) ადგილობრივი კონკურენცია და ჩვენი მსგავსი კონცეფციების ნაკლებობა;