SJC: წულუკიანის შერჩეულმა ჯგუფმა გელათის კედლის მხატვრობა კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა

არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, გელათის დაზიანების ფაქტზე შესაძლოა სამოხელეო დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდეს. კერძოდ, ორგანიზაციის ცნობით, გამოკვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2021-2022 წლებში განხორციელებულმა ჩარევებმა გელათის კედლის მხატვრობაზე დამატებითი შეუქცევადი ზიანი გამოიწვია.
SJC-ში ამბობენ, რომ ს მინისტრობის პერიოდში და მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული რეკონსტრუქცია-კონსერვაციის სამუშაოების შედეგად დამდგარი ზიანი, მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიის გათვალისწინებით, სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რაც გამოძიების დაწყების მოთხოვნით გენერალური პროკურატურისთვის მიმართვის საფუძველი გახდა.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თეა წულუკიანის მიერ შერჩეულმა ჯგუფმა 2021 წლის ოქტომბერში “ჯერ კიდევ გამოუმშრალ, სველ ბათქაშზე განახორციელა არა მხოლოდ საკონსერვაციო, არამედ სარესტავრაციო სამუშაოებიც, რამაც მოგვიანებით კედლის მხატვრობა კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა, რაც დადასტურდა სპეციალისტების დასკვნით”.
SJC-ს ცნობით, მინისტრი არაერთი საერთაშორისო საექსპერტო დასკვნით ინფორმირებული იყო იმ მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ, რაც შერჩეული მეთოდოლოგიით ძეგლზე განხორციელებულ ჩარევებს მოჰყვებოდა, თუმცა პროცესი 2022 წლის შემოდგომამდე მაინც გრძელდებოდა. შედეგად, ტაძრის მოხატულობების ისედაც კრიტიკული მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა შესაბამისად, ალტერნატიული საექსპერტო დასკვნები მიუთითებდა ძეგლის დაზიანების შესაძლებლობაზე, რომელიც არ იქნა გაზიარებული პასუხისმგებელი პირის მიერ, რისი გათვალისწინებაც მინისტრს ევალებოდა და შეეძლო კიდეც.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2020 წელს თეა წულუკიანის მიერ გელათში მიმდინარე რეაბილიტაციის მიმართ პარლამენტში გაკეთებული კრიტიკული შეფასებების შემდეგ ის მინისტრად დაინიშნა.
“ამ დროისთვის პოლიტიკური მნიშვნელობის თემად უკვე ქცეულიყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების საკითხი. იმ შემთხვევაში, თუ წულუკიანი ალტერნატიულ დასკვნებს გაიზიარებდა, იგი ძეგლის გამოშრობას მინიმუმ 3-5 წელი უნდა დალოდებოდა, რა შემთხვევაშიც კულტურის სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური თემის – გელათის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის საკითხი დროში გაჭიანურდებოდა”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების მიხედვით, სწორედ კულტურის სამინისტროს ამოცანაში შედის კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი პოლიტიკის შემუშავება/წარმართვა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ჩატარებისათვის აუცილებელი კვალიფიკაციის მქონე პირების გამოვლენა. ასევე, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონით, სამინისტრო ზედამხედველობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, ამასთანავე, ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენას, დაცვას და მისი მდგომარეობის სისტემატურ შემოწმებას.
“დამდგარი ზიანი, მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიის გათვალისწინებით, სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. გელათის სამონასტრო კომპლექსში დარღვევებით ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით 2020 წელს გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს მიერ ძეგლის დაზიანებისა და თანხების შესაძლო მითვისების საფუძვლით დაიწყო. ამ დრომდე გენერალური პროკურატურა არ აწარმოებს გამოძიებას სავარაუდო სამოხელეო დანაშაულზე”, – აცხადებენ SJC-ში.
საქართველოს მეცნიერები, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი და სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებენ საქართველოს გენერალურ პროკურატურას:
· დაიწყოს გამოძიება შესაძლო სამოხელეო დანაშაულზე და აწარმოოს იგი ყოველმხრივ და ობიექტურად;
· გამოძიება წარმართოს მაქსიმალურად დროულად და უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება იმ დოზით, რაც არ დააზიანებს გამოძიების ინტერესებს;