სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება 2025 წლის 30 მაისს, აქტივისტებისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემთხვევებს და მიიჩნევს, რომ აქტივისტებისთვის, მათ შორის, ახალგაზრდებისთვის და ქალებისთვის, ყველაზე მძიმე სანქციის დაკისრება მათ სამაგალითო და საჩვენებელ დასჯას ისახავს მიზნად.
არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატის, მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე აქტივისტს, თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. ამავე საქმეზე ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, მაგდა მამუკაშვილს კი 4 000-ლარიანი ჯარიმა.
SJC-ის შეფასებით, აქტივისტების მიმართ ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და სახდელის სახით პატიმრობის გამოყენება არღვევს საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას.
“აქტივისტების მიმართ ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და სახდელის სახით პატიმრობის გამოყენება არღვევს საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას. ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, დასაშვები კრიტიკის ფარგლები საჯარო პირების მიმართ უფრო ფართოა, ვიდრე კერძო პირების მიმართ. განსხვავებით სხვა ინდივიდებისგან, პოლიტიკოსი გარდაუვლად და გაცნობიერებულად აქცევს საკუთარ თავს საზოგადოების ყურადღების ცენტრში, რის გამოც მას თმენის უფრო მაღალი ვალდებულება აქვს.
ქართული ოცნება აგრძელებს საპროტესტო აქციების მონაწილეების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას სხვადასხვა მექანიზმებით, მათ შორის, ყველაზე მძიმე – პატიმრობის სანქციის გამოყენებით, რაც პროტესტის კრიმინალიზებას ემსახურება. მართლმსაჯულების სისტემის მხრიდან მსგავსი პრაქტიკის დამკვიდრება ცენზურის დაკანონებაა, რაც საბოლოო ჯამში, აქტივისტების დაშინებასა და პროტესტის დათრგუნვას ემსახურება”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
