რუსეთმა, ამ კვირის განმავლობაში, ჩვენს ხალხზე სხვადასხვა ტიპის იარაღის გამოყენებით ასობით თავდასხმა განახორციელა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი მტკიცებით, მიმდინარე კვირაში რუსებმა უკრაინაზე თავდასხმისთვის 1 200-მდე მართვადი საჰაერო ბომბი, 870-მდე დრონი და 80-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა.
მისივე განმარტებით, Shahed-ის ყველა დრონი და საჰაერო ბომბი, რომელსაც რუსეთი იყენებს, შეიცავს სანქციების გვერდის ავლით მიწოდებულ კომპონენტებს.
ზელენსკის ინფორმაციით, ეს იარაღი მოიცავს 82 000-ზე მეტ უცხოურ კომპონენტს.
“ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ გადაწყვეტილებების მიღება სიცოცხლის გადარჩენის მიზნით: საჰაერო თავდაცვის სისტემები, ინვესტიციები ჩვენს თავდაცვით წარმოებაში და სანქციების გამკაცრება რუსეთის წინააღმდეგ. ვაგრძელებთ ძალისხმევას სამართლიან მშვიდობასთან დასაახლოებლად და უსაფრთხოების საიმედო გარანტიების უზრუნველსაყოფად“, – აცხადებს ზელენსკი.
