„აქამდე მივყავართ სიძულვილსა და დაუსჯელობას“ – ასე იწყება ინფორმაციის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის – „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ (RSF) წლის შემაჯამებელი ანგარიში, რომელიც დღეს, 9 დეკემბერს გამოქვეყნდა და რომლის თანახმადაც, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსოფლიოს 22 ქვეყანაში 67 ჟურნალისტი მოკლეს:
„მოკლული ჟურნალისტების თითქმის ნახევარი (43%) ღაზაში ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა მოკლეს. მსოფლიოს მეორე ნაწილში – უკრაინაში რუსეთის არმია განაგრძობს ჟურნალისტების მიზანში ამოღებას. მექსიკაში ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა ჟურნალისტების მკვლელობების საგანგაშო ზრდაზე. ყველაზე მაღალ საფასურს იხდიან ჟურნალისტები, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში მუშაობენ: მხოლოდ ორი ჟურნალისტი მოკლეს სხვა ქვეყანაში, დანარჩენი კი მოკლეს, როცა ისინი თავიანთ სამშობლოში აშუქებდნენ მოვლენებს“.
„ჩვენი პასუხისმგებლობაა, ვიდგეთ იმათ გვერდით, ვინც იცავს ჩვენს საერთო უფლებას სანდო ინფორმაციაზე. ჩვენ მათთან ვალში ვართ. …ჟურნალისტები უბრალოდ კი არ კვდებიან, არამედ მათ კლავენ“, – წერს ანგარიშის წინასიტყვაობაში RSF-ის გენერალური დირექტორი თიბო ბრუტენი – „ჩვეულებრივ, დემოკრატიულ ქვეყნებში მოქალაქეებს ადანაშაულებენ ხოლმე ინდიფერენტულობაში, მიუხედავად იმისა, რომ მომხდარ დანაშაულებზე მათ არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ. მათი აპათია არის გამოძახილი და მომდინარეობს იქიდან, რომ საერთაშორისო ინსტიტუტებს აღარ ძალუძთ ჟურნალისტების დაცვა და კანონის აღსრულება, განსაკუთრებით გაეროს უშიშროების საბჭოს 2222-ე რეზოლუციისა შეიარაღებულ კონფლიქტებსი ჟურნალისტების დაცვის შესახებ. ეს არის მთავრობების გამბედაობის დაკნინების შედეგი. დამცავი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ნაცვლად, ისინი ლამის მხოლოდ განცხადებების გავრცელებით შემოიფარგლებიან. ეს აძლიერებს ფატალიზმისა და პესიმიზმის განცდას საზოგადოებაში.
არის კიდევ ერთი მიზეზი: ჟურნალისტები არიან ცილისმწამებლური კამპანიების სამიზნეები. როცა ჟურნალისტი კვდება, ზოგიერთი ფიქრობს – „რა უნდოდა იქ? ძალიან დიდ რისკებს იღებენ თავზე“. სხვები ამბობენ – „ისინი უსიამოვნებას იწვევენ. დაიმსახურეს, რაც მიიღეს“, ან – „ისინი თავიანთი ქვეყნის მოღალატეები არიან, ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრებიან. მართებულია მათი ციხეში ჩასმა“. ასეთსაც გაიგონებთ – „ისინი ელიტების მსახურები არიან. მოელოდნენ კიდეც ამას“. იმისთვის, რომ ჟურნალისტების მკვლელობები გაამართლონ, მათ ტერორისტებთან შეთქმულებაში მონაწილეობაშიც კი სდებენ ბრალს.
აქამდე მივყავართ ჟურნალისტების მიმართ სიძულვილს. მიმდინარე წელს ამან მიგვიყვანა 67 ჟურნალისტის მკვლელობამდე – შემთხვევით არა, ისინი გაუთვალისწინებელი მსხვერპლი არ ყოფილან“.
RSF-ის 2025 წლის შემაჯამებელ ანგარიშში საქართველო მოხვდა იმ ქვეყნების რიგში, რომლებშიც მედიის თავისუფლებას „სერიოზული საფრთხეები“ ემუქრება და ქვეყნად, სადაც ჟურნალისტი – მზია ამაღლობელი ჰყავთ დაპატიმრებული. ამის შესახებ წერია ანგარიშის ერთ-ერთ თავში, სათაურით – „მსოფლიოში პატიმრობაშია 503 ჟურნალისტი“:
„ვითარება ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი, საქართველო, აზერბაიჯანი და ბელარუსი, ნათელს ჰფენს სერიოზულ საფრთხეებს, რომელთა წინაშეც დგას მედია ყოფილ საბჭოთა ბლოკში.
საქართველოში მთავრობის დაუნდობელმა ავტორიტარულმა ტაქტიკამ გამოიწვია ქართველი ჟურნალისტის – მზია ამაღლობელის დაპატიმრება იანვარში. აზერბაიჯანში გისოსებს მიღმა იმყოფება 25 ჟურნალისტი. რუსეთი იკავებს მეორე ადგილს ჟურნალისტებისთვის მსოფლიოს უმსხვილესი ციხეების სასტიკ კვარცხლბეკზე, სადაც 2025 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, ციხეში იმყოფება 48 ჟურნალისტი, რომელთაგან 28 უკრაინელია“.
ამავე თავში ვკითხულობთ, რომ ყველაზე მეტი ჟურნალისტი პატიმრობაში ჰყავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლებას – სი ძინპინის რეჟიმის მიერ დაპატიმრებულია მედიის 113 წარმომადგენელი, კიდევ 8 დააკავეს ჰონგ კონგში. ამრიგად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ჟურნალისტებისთვის მსოფლიოს „უდიდეს ციხედ“ სახელდება, სადაც უფრო მეტი ჟურნალისტია გისოსებს მიღმა, ვიდრე რუსეთსა და მიანმარში ერთად. პატიმარი ჟურნალისტების რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს პირველი ათეული ასე გამოიყურება: ჩინეთი (121), რუსეთი (48), მიანმარი (47), ბელარუსი (33), ვიეტნამი (28), აზერბაიჯანი (25), ირანი (21), ისრაელი (20), ეგვიპტე (20), საუდის არაბეთი (19).
პატიმრობაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე ჟურნალისტების რაოდენობით რუსეთს მოსდევს ისრაელი. 1 დეკემბრის მონაცემებით, ისრაელის ციხეებში 20 პალესტინელი ჟურნალისტი იმყოფება, რომელთაგან 16 ბოლო ორი წლის განმავლობაში ღაზასა და დასავლეთ ნაპირზე დააპატიმრეს.
RSF-ის წლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ყველაზე მეტი (72%) უგზოუკვლოდ დაკარგული ჟურნალისტი აღნუსხულია შუა აღმოსავლეთსა და ლათინურ ამერიკაში. დღესდღეობით 135 ჟურნალისტია დაკარგული 37 ქვეყანაში. ზოგიერთი მათგანი 30 წელზე მეტია დაკარგულად ითვლება. ყველაზე მეტად დაკარგული ჟურნალისტების რაოდენობა გაზრდილია მექსიკასა (28) და სირიაში (37). სირიაში დაკარგულთაგან ბევრი ან „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ იყო გატაცებული ან ბაშარ ალ-ასადმა დააპატიმრა. ორივე რეჟიმის დამხობის მიუხედავად, დაკარგული ჟურნალისტები ჯერ ვერ უპოვნიათ. ანგარიშის ავტორების ინფორმაციით, ამ დროისთვის მძევლობაში იმყოფება 20 ჟურნალისტი. ამ მხრივ გამორჩეულია იემენი, სირია და მალი.
„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ (RSF) წლის შემაჯამებელ ანგარიშში მოხვდნენ „მედიის თავისუფლების მტაცებლებიც“:
“დაუსჯელობა გარდაუვალი არ არის, ამიტომ RSF-მა გამოაცალკევა ის ლიდერები, ინსტიტუტები და ორგანიზაციები, რომლებიც განსაკუთრებით მწვავედ ახორციელებენ მედიის თავისუფლების რეპრესიას და ძირს უთხრიდნენ მას ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ზოგიერთი კლავს ან ატყვევებს ჟურნალისტებს. სხვები აკოტრებენ, გავრცელების საშუალებებს უხშობენ მედიასაშუალებებს ან ახორციელებენ მათ დისკრედიტაციას. ყველა მათგანი სამარეს უთხრის სანდო ინფორმაციის მიღების უფლებას“, – წერია RSF-ის ანგარიშში. „მედიის თავისუფლების მტაცებლებად“ გამოვლენილი 34 პირის პორტრეტი ორგანიზაციამ მიმდინარე წლის 2 ნოემბერს – „ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს“ გამოაქვეყნა და რომელთა შორის იყო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, მილიარდერი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელზეც ერთი თვის წინ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ეწერა:
„ის რჩება ძალაუფლების გრავიტაციის ცენტრად საქართველოში, პოლიტიკიდან ფორმალურად წასვლის მიუხედავად. მისი ბიზნესიმპერია მას გადამწყვეტ გავლენას აძლევს – მის კონტროლქვეშ მყოფი რამდენიმე კომერციული ტელეკომპანია, მათ შორის „იმედი“ და „რუსთავი 2“, ავრცელებს „ქართული ოცნების“, მისი დაარსებული პარტიის მხარდამჭერ პოზიციებს. მისი გავლენის ქვეშ ქვეყნის მედიაპლურალიზმი თანდათან იკლებს, ამავდროულად ხდება დამოუკიდებელი ჟურნალისტების დისკრედიტაცია, ისინი არიან ძალადობრივი, დაუსჯელი თავდასხმების ან სამართლებრივი დევნის სამიზნეები“. ივანიშვილის ხელთ არსებულ „მომაკვდინებელ იარაღად“ სახელდება მისი „ბიზნესიმპერია“. მის ნამოქმედართა შორის ჩამოთვლილია: ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პატიმრობა; საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაზიანება; დამოუკიდებელი მედიისა და მათ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციების შევიწროება „ანტიკორუფციული ბიუროს“ გამოძიებების გამოყენებით; ოპოზიციური ტელეკომპანიების დევნა სახელმწიფოსა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ.
ფორუმი




