საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ (RSF) აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, Abzas Media-ს მთავარი რედაქტორის, სევინჯ ვაგიფგიზის გათავისუფლების მოთხოვნით ფართომასშტაბიან კამპანიას იწყებს. კამპანია ხუთ ქვეყანაში დაკავებული ჟურნალისტების მიმართ საერთაშორისო ყურადღების მობილიზებას ისახავს მიზნად, ვაგიფგიზის საქმე ერთ-ერთ მთავარ საქმედ სახელდება.
პოლიტიკურად მოტივირებული დაკავება
სევინჯ ვაგიფგიზი 2023 წლის 21 ნოემბერს დააკავეს ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში. უკვე თითქმის 500 დღეა ის პატიმრობაში იმყოფება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მას კონტრაბანდის, უკანონო მეწარმეობისა და ფინანსური დარღვევების სერიის ბრალდება წაუყენა, თუმცა როგორც RSF, ისე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ამ ბრალდებებს აბსურდულ და პოლიტიკურად მოტივირებულ რეპრესიად აფასებენ.
RSF-ის მკაცრი შეფასება
RSF ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში ვაგიფგიზის საქმე ერთ-ერთ სიმბოლოდ გამოაქვს მედიის წინააღმდეგ მიმდინარე ზეწოლის ფონზე. სტატიაში ნათქვამია, რომ სევინჯ ვაგიფგიზის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მრავალი პროცედურული დარღვევით მიმდინარეობს და იგი წარმოადგენს აზერბაიჯანში დამოუკიდებელი მედიის საწინააღმდეგო რეპრესიების ნაწილს.
„ეს საქმე არ ეხება კონტრაბანდას. ეს ეხება სიმართლის აუტანლობას“, – ციტირებს RSF თავად სევინჯს, რომელმაც სასამართლო პროცესზე ღიად განაცხადა, რომ მისი და მისი კოლეგების დაპატიმრება დაკავშირებულია ილჰამ ალიევის რეჟიმის კორუფციული საქმიანობის გამოაშკარავებასთან.
ვაგიფგიზის წინააღმდეგ რეპრესიები ახლა არ დაწყებულა. 2015–2019 წლებში მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეზღუდული ჰქონდა. 2020 წელს საპროტესტო აქციის გაშუქებისას ის პოლიციამ სცემა. დროთა განმავლობაში ის არაერთხელ გამხდარა მუქარებისა და ცილისწამებების სამიზნე. დაპატიმრების შემდეგ, რამდენიმე კვირით გაუთიშეს კავშირი გარე სამყაროსთან, გაყინეს მისი და ოჯახის საბანკო ანგარიშები, გადაიყვანეს სველ და ცივ საკანში და არ აღმოუჩინეს სათანადო სამედიცინო დახმარება.
ამჟამად Abzas Media-ს 6 თანამშრომელია დაკავებული. მათ შორის არიან დირექტორი ულვი ჰასანლი, მისი მოადგილე მეჰმედ ქექალოვი, რედაქტორი სევინჯ ვაგიფგიზი, ჟურნალისტები ნარგიზ აბსალამოვა, ელნარა გასიმოვა და გამოძიების ავტორი ჰაფიზ ბაბალი.
2024 წლის მაისში მათ ბრალდებებს დაემატა დამატებით 7 მძიმე ფინანსური მუხლი. ასევე, ამავე ბრალდების მსხვერპლი გახდა „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი ფარიდ მეჰრალიზადე, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონია Abzas Media-სთან, თუმცა ისიც დააკავეს იმავე მუხლით.
დღესდღეობით, ადგილობრივი უფლებადამცველების შეფასებით, აზერბაიჯანში 300-მდე პოლიტიკური პატიმარია. ხელისუფლება კი კვლავ ამტკიცებს, რომ ქვეყანაში არავინ იდევნება პროფესიული ან პოლიტიკური მოტივით.
„რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ სევინჯ ვაგიფგიზის და ყველა დაკავებული მედიის წარმომადგენლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ვაგიფგიზი ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ მედიის სიმტკიცის, იმედისა და წინააღმდეგობის ცოცხალი სიმბოლოა.
