Reuters: სირიის ახალმა რეჟიმმა რუსეთს ასადის გადაცემა მოსთხოვა

29 იანვარს რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ სირიის ახალ რეჟიმთან “მოკლე” საუბარი გამართეს. სირიაში ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ქვეყანაში არსებულ ორ სამხედრო ბაზაზე კონტროლის შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა, რუსულ მხარეს არ დაუკონკრეტებია, თუ რას ითხოვს სირია სანაცვლოდ.

გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთთან გამართულ დისკუსიაზე ინფორმირებულმა სირიულმა წყარომ თქვა, რომ სირიის ახალი რეჟიმის ლიდერმა, აჰმედ ალ-შარაამ, რუსეთს სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის გადაცემა მოსთხოვა. ასადი სირიიდან მაშინ გაიქცა, როცა დეკემბერში ამბოხებულებმა მისი რეჟიმი რამდენიმე დღეში დაამხვეს.

ამასთანავე, სირიული მედია Sana-ს ცნობით, ქვეყნის ახალი რეჟიმი რუსეთისგან ნდობის აღდგენის მიზნით “კონკრეტულ ზომების მიღებას, როგორიცაა კომპენსაცია, რეკონსტრუქცია და აღდგენა, ითხოვს”.

კითხვა,ზე მოითხოვა თუ არა სირიამ რუსეთისგან ასადის გადაცემა და კომპენსაციის გადახდა, კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

სირიის ახალმა რეჟიმმა 28 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ ბოგდანოვის ხელმძღვანელობით რუსეთიდან ჩამოსულ დელეგაციასთან გამართული საუბრების შემდეგ განაცხადა, რომ სირიულმა მხარემ “ხაზი გაუსვა ურთიერთობების გამოსწორების ფარგლებში წარსული შეცდომების გამოსწორების, ასევე სირიელი ხალხის ნებისა და მათი ინტერესების პატივისცემის მნიშვნელობას”.

თუმცა, სირიულმა წყაროებმა Reuters-ს აცნობეს, რომ რუსეთი არ არის თანახმა, მსგავს დათმობებზე წავიდეს და ერთადერთი, რაზეც ორი მხარე შეთანხმდა, დისკუსიების გაგრძელებაა.


2019 წლის აპრილში რუსეთის ვიცეპრემიერმა იური ბორისოვმა ტარტუსის პორტის 49-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა. ამავე ვადით გაფორმდა საინვესტიციო ხელშეკრულება კომპანია “Stroytransgaz”-თან, რომლის მთავარი ბენეფიციარიც გენადი ტიმჩენკოა.

ხელშეკრულების პირობების თანახმად, რუსულმა კომპანიამ პირობა დადო, რომ პორტის მოდერნიზაციაში 500 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებდა, თუმცა, სირიული გამოცემების მტკიცებით, რუსულმა მხარემ პორტის მოდერნიზება არ მოახდინა.

Al-watan-ის მიხედვით, სირიის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პორტის მუშაობა გააქტიურდა და ტარტუსში მშრალი ტვირთის გემები სხვა ქვეყნებიდან ჩადიან.

რუსეთი 2015 წლიდან ასადის რეჟიმის დასახმარებლად სამოქალაქო ომში იყო ჩართული. რუსეთს სირიაში განლაგებული ჰყავს სამხედრო ნაწილები და აკონტროლებს საზღვაო და საავიაციო ბაზებს ტარტუსსა და ხმეიმიმში.

გამომცემლობა Al Alarabiya-ს ინფორმაციით, სირიის ხელისუფლებამ ასევე აკრძალა რუსეთიდან, ირანიდან და დან საქონლის იმპორტი. გამომცემლობის თქმით, მოხდება ამ ქვეყნებიდან შემოტანილი პროდუქციის კონფისკაცია.

წყარო