Reuters-მა წაშალა ვიდეო, რომელშიც პუტინი და სი ძინპინი უკვდავებაზე საუბრობენ

საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა წაშალა ოთხწუთიანი ვიდეო, რომელიც 3 სექტემბერს პეკინში გამართული აღლუმის წინ გადაიღეს და რომელშიც ს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ბიოტექნოლოგიის განვითარებაზე და ადამიანის სიცოცხლის 150 წლამდე გახანგრძლივების ან უკვდავების მიღწევის შესაძლებლობაზე საუბრობენ.
Reuters-ის განცხადების თანახმად, ამის მიზეზი გახდა ჩინეთის სახელმწიფო ტელეკომპანია CCTV-ის მიერ ვიდეოჩანაწერის გამოყენების ნებართვის გაუქმება.
ლიდერებს კერძო საუბარი ჰქონდათ, როცა აღლუმზე მიემართებოდნენ. თუმცა, საუბრის ფრაგმენტი შემთხვევით მოხვდა ჩართულ მიკროფონზე. Reuters-მა, რომელსაც CCTV-ის ლიცენზია ჰქონდა, ოთხწუთიანი ვიდეო დაამონტაჟა და ათასზე მეტ საერთაშორისო მედიასაშუალებას გადასცა. ვიდეო ასევე დამოუკიდებლად გავრცელდა სხვა მედიასაშუალებების მიერ და სოციალური მედიის მომხმარებლები იყვნენ პირველები, ვინც ყურადღება მიაქცია დიალოგს.
5 სექტემბერს CCTV-მ სააგენტოს წერილი გაუგზავნა და ვიდეოს წაშლა მოითხოვა. განაცხადეს, რომ სააგენტომ ჩანაწერის გამოყენების პირობები დაარღვია. „მასალის სარედაქციო დამუშავებამ ლიცენზირებულ გადაცემაში არსებული ფაქტებისა და განცხადებების აშკარა დამახინჯება გამოიწვია“, ნათქვამია წერილში.
Reuters-მა ვიდეო თავისი ვებსაიტიდან აიღო და მასალა ოფიციალურად გაიხმო უკან. განცხადებაში სააგენტომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვიდეო საავტორო უფლებების მფლობელის მოთხოვნით აიღეს, მაგრამ ამავე დროს, მათი თქმით, დარწმუნებული არიან, რომ მისი გავრცელებით თავიანთი არცერთი ვალდებულება არ დაურღვევიათ და დაიცვეს მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის სტანდარტები.
მრავალი მედიასაშუალება აშუქებდა პუტინსა და სი ძინპინს შორის საუბარს, რომელიც აშკარად არ იყო განკუთვნილი საზოგადოებისთვის. ლიდერები შეეხნენ ბიოტექნოლოგიის თემას. პუტინმა ივარაუდა, რომ ტრანსპლანტაციის განვითარება საშუალებას მისცემს ადამიანს, ორგანოების გადანერგვის დახმარებით „გაახალგაზრდავდეს“ და, შესაძლოა, უკვდავებასაც კი მიაღწიოს. ჩინეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ადამიანებმა შეიძლება უკვე ამ საუკუნეში მოახერხონ 150 წლამდე მიღწევა.
მოგვიანებით პუტინმა დაადასტურა ამ საუბრის ფაქტი, მაგრამ დეტალებზე არ უსაუბრია.
ფორუმი