რუსეთმა საზაფხულის კამპანია ჩააგდო
Bild აქვეყნებს ანალიტიკური მასალას, სადაც აჯამებს უკრაინის ფრონტზე არსებულ ვითარებას. სტატიის ავტორია გერმანული გამოცემის ცნობილი სამხედრო ექსპერტი და უკრაინის ომის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მიმომხილველი იულიან რიოპკე. სტატიის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ნოემბრიდან მოყოლებული რუსეთი ყველაზე მაღალი ტემპებით უტევს, რუსულმა ჯარებმა ბოლო სამი თვის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიის მხოლოდ 0,3%-ის დაკავება შეძლეს. ეს დაახლოებით 1800 კვადრატული კილომეტრია.
როგორც რიოპკე აღნიშნავს, ის მიზნები რასაც აპრილი-აგვისტოს პერიოდისთვის რუსეთი ისახავდა შეუსრულებელია:
– პოკროვსკი ვერ აიღეს და დონბასის ფრონტი ვერ გაარღვიეს;
– პუტინის მიერ საზეიმოდ დაანონსებული ე.წ. „ბუფერული ზონა“ ჩერნიგოვოს, სუმისა და ხარკოვის ოლქებში ვერ შეიქმნა;
– ფრონტის ხაზი ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში კვლავ უცვლელია.
რიოპკეს ასკვნის, რომ რუსეთის მიზნები არარეალიზებულია და პუტინის გენერლებმა ზაფხულის კამპანია ჩააგდეს.
Bild ამახვილებს ყურადღებას პოკროვსკის ოპერაციაზე, სადაც რუსეთის ძალებია კონცეტრირებული და ყველაზე გააფრთებული ბრძოლები მიმდინარეობს. როგორც რიოპკე წერს, რუსებმა დონბასის ოლქში პოკროვსკის აღება სცადეს და აგვისტოში ქალაქის ცენტრამდეც კი მიაღწიეს, თუმცა შემდეგი სამი კვირის განმავლობაში ყველა რუსული შენაერთი ან განადგურდა ან ტყვედ ჩავარდა.
რაც შეეხება „ბუფერულ ზონას“, რომელიც რუსეთ-უკრაინის საზღვართან ჩერნიგოვოს, სუმისა და ხარკოვის ოლქებში უნდა შექმნილიყო, აქაც მასშტაბური შეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა. სუმის ოლქთან მობილიზებულმა 50-ათასიანმა დაჯგუფებამ, მათ შორის ელიტურმა სადესანტო შენაერთებმა, საზღვრის გასწვრივ მხოლოდ 70-კმ-ის დაკავება შეძლო.
მთლიანობაში „ბუფერული ზონის“ შესაქმნელად რუსმა გენერლებმა 160 ათასი სამხედრო გადაისროლეს, თუმცა გარღვევა ვერ მოხდა და ფრონტმა სტაბილურობა შეინარჩუნა.
რიოპკე აღნიშნავს, რომ ამ წარუმატებლობის შემდეგ კრემლი იძულებული გახდა უარი ეთქვა შეტევის გეგმებზე.
ზაფხულის ჩავარდნილი კამპანიის ფონზე რუსული გენერალიტეტი პუტინს დაპირებებით კვებავს. Reuters-ის ცნობით, რუსეთის გენშტაბი პუტინს პირდება, რომ უკრაინის ფრონტი ოქტომბერ-ნოემბერში ჩამოიშლება. მათივე ცნობით, პუტინი დარწმუნებულია, რომ რუსეთის არმია იმარჯვებს და უკრაინის ოთხი ოლქის დაპყრობის იმედებს ინარჩუნებს.