„როიტერსის“ ინფორმაციით, ჩინეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიები რუსული ნავთობის შესყიდვებს აჩერებენ „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ.
საინფორმაციო სააგენტო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კომპანიები PetroChina, Sinopec, CNOOC და Zhenhua Oil, სანქციებთან დაკავშირებული შეშფოთების გამო, „თავს შეიკავებენ“ საზღვაო გზით რუსული ნავთობით ვაჭრობისგან, სულ მცირე, მოკლევადიან პერსპექტივაში.
ჩინეთი ზღვით დღეში დაახლოებით 1.4 მილიონი ბარელ რუსული ნავთობის იმპორტს ახორციელებს. „როიტერსი“ აღნიშნავს, რომ ამ მოცულობის უმეტეს ნაწილს დამოუკიდებელი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნები, მათ შორის მცირე ოპერატორები ყიდულობენ. მოვაჭრეები ამბობენ, რომ დამოუკიდებელი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნები, სავარაუდოდ, შესყიდვებს შეაჩერებენ სანქციების გავლენის შესაფასებლად, თუმცა შეეცდებიან მის განახლებას.
„როიტერსის“ ცნობით, ინდოელი ნავთობგადამმუშავებელი კომპანიებიც მზად არიან, მკვეთრად შეამცირონ რუსული ნავთობის იმპორტი, რათა შეასრულონ აშშ-ის ახალი სანქციები ორი უმსხვილესი რუსი მწარმოებლის მიმართ.
სააგენტოს ცნობით, საქმის კურსში მყოფი პირები იტყობინებიან, რომ რუსული ნავთობის უმსხვილესი ინდოელი მყიდველი, კერძო კომპანია Reliance Industries რუსული ნავთობის იმპორტის შემცირებას ან შეწყვეტას გეგმავს, მათ შორის საუბარია „როსნეფტთან“ გრძელვადიანი გარიგების ფარგლებში შესყიდვების შეჩერებაზე.
„რუსული ნავთობის იმპორტის ხელახალი კალიბრაცია მიმდინარეობს და Reliance სრულად იმოქმედებს ინდოეთის მთავრობის მითითებების შესაბამისად“, — განაცხადა Reliance-ის წარმომადგენელმა.
„Reliance“-ს, რომელიც მსოფლიოში უდიდეს ნავთობგადამმუშავებელ კომპლექსს მართავს, „როსნეფტისგან“ დღეში თითქმის 500 000 ბარელი ნედლი ნავთობის შესყიდვის გრძელვადიანი ხელშეკრულება აქვს დადებული. გადამმუშავებელი კომპანია რუსულ ნავთობს შუამავლებისგანაც ყიდულობს.
ბოლო დღეებში Reliance-მა ახლო აღმოსავლეთიდან და ბრაზილიიდან შეიძინა ნედლი ნავთობი, რომლებიც შესაძლოა რუსული მარაგების ნაწილობრივ ჩასანაცვლებლად იქნას გამოყენებული.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ჯერ კიდევ აშშ-ის სანქციებამდე, ევროკავშირის აკრძალვების გამო, Reliance განიხილავდა რუსული ნავთობის იმპორტის შეჩერებას მისი ორი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნიდან ერთ-ერთისთვის, რომელიც ექსპორტზეა ორიენტირებული.
ინდოეთის სახელმწიფო ნავთობგადამმუშავებელი ქარხნები, მათ შორის Indian Oil Corp (IOC.NS), Bharat Petroleum Corp (BPCL.NS), Hindustan Petroleum Corp (HPCL.NS), ასევე განიხილავენ რუსული ნავთობის სავაჭრო დოკუმენტებს, რათა დარწმუნდნენ, რომ მიწოდება პირდაპირ „როსნეფტიდან“ და „ლუკოილიდან“ არ მოხდება მას შემდეგ, რაც აშშ-მა ნავთობკომპანიებს სანქციები დაუწესა — განაცხადა ხუთშაბათს საკითხთან უშუალოდ დაკავშირებულმა წყარომ.
„მასშტაბური შემცირება იქნება. ჩვენ არ ვვარაუდობთ, რომ ის დაუყოვნებლივ ნულამდე დაეცემა, რადგან ბაზარზე რამდენიმე ათასი ბარელი შემოვა შუამავლების მეშვეობით“, — განაცხადა „როიტერსის“ წყარომ ნავთობგადამმუშავებელი ქარხნიდან.
ინდოეთის სახელმწიფო ნავთობგადამმუშავებელი ქარხნები იშვიათად ყიდულობენ რუსულ ნავთობს პირდაპირ „როსნეფტისა“ და „ლუკოილისგან“, რადგან მათი შესყიდვები, როგორც წესი, შუამავლების მეშვეობით ხორციელდება.
ინდური ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ „ყველაფერი ბანკებზეა დამოკიდებული“.
„თუ ბანკები გადახდებს დაამტკიცებენ, მაშინ ჩვენ ვიყიდით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი შემოდინება ნულის ტოლი იქნება“, — განაცხადა მან.
ჩინეთი და ინდოეთი რუსული ნავთობის უმსხვილესი მყიდველები არიან.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის უმსხვილეს ნავთობკომპანიებს – “როსნეფტსა” და “ლუკოილს” – ასევე მათ შვილობილებს, სანქციები დაუწესა.
