დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრამდე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარკო რუბიოს ესაუბრა. ინფორმაციას Reuters-ი ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებთ და ერთმანეთს პატივს სცემენ. მათი ურთიერთობა ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებში ყველაზე ღირებული სტრატეგიული აქტივია“, – განუცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს.
ამასთან, ვანგ იი კვირას, მალაიზიაში აშშ-ისა და ჩინეთის დელეგაციებს შორის სავაჭრო შეთანხმების შესახებ გამართულ მოლაპარაკებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მხარეებმა თავიანთი პოზიციები დააზუსტეს“.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აზიის ტურნეს ფარგლებში გუშინ მალაიზიაში ჩავიდა, სადაც ტაილანდსა და კამბოჯას შორის „სამშვიდობო შეთანხმების“ ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო. აშშ-ის პრეზიდენტი დღეს იაპონიაში ჩავიდა, სადაც იმპერატორ ნარუჰიტოს შეხვდა. იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში დონალდ ტრამპი ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრთან, სანაე ტაკაიჩისთან მოლაპარაკებებს გამართავს.
თეთრი სახლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ჩინელ კოლეგას სი ძინპინს, 30 ოქტომბერს სამხრეთ კორეაში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში შეხვდება.




