გერმანიის კონსერვატიული ბლოკის – „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირის“ (CDU/CSU) და “სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის მაღალი თანამდებობის პირები კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე საცდელ მოლაპარაკებებს დღეს დაიწყებენ, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნებში გამარჯვებული კონსერვატიული ბლოკის ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ სურს მთავრობა აღდგომამდე 20 აპრილს შეიქმნას.
Reuters-ი წერს, რომ კონსერვატორებსა და მესამე ადგილზე გასულ „სოციალ-დემოკრატებს“ შორის კოალიცია არის ერთადერთი მათემატიკური შესაძლებლობა მთავრობის ფორმირებისთვის, თუ ყველა მხარე დაიცავს ვალდებულებას, არ მართოს ქვეყანა პარტიასთან – „ალტერნატივა გერმანიისთვის“ – ერთად, რომელიც არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა.
საცდელი მოლაპარაკებები, რომელშიც თითოეული მხარის ცხრა მაღალი თანამდებობის პირი მონაწილეობს, მოგვიანებით შეიძლება უფრო დეტალურ დისკუსიებში გადაიზარდოს ოთხწლიანი საკანონმდებლო დღის წესრიგის დეტალური პროგრამის შედგენის მიზნით.
კონსერვატორების საარჩევნო კამპანია ეკონომიკურ საკითხებსა და მიგრაციის შემცირების დაპირებაზე იყო ფოკუსირებული, ოლაფ შოლცის “სოციალ-დემოკრატიულ“ პარტიას კი მინიმალური ხელფასის გაზრდა სურს და სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებაზე მერცის ხედვას ეწინააღმდეგება.
