სააგენტო Reuters -ის ცნობით, გერმანელი კანონმდებლები მოითხოვენ განმარტებებს მაღალი რანგის სოციალ-დემოკრატისგან, რომელიც დაზვერვის სამსახურების საქმიანობის ზედამხედველობის საპარლამენტო კომიტეტის წევრია, მას შემდეგ, რაც მან ბაქოში რუსეთის პრეზიდენტის ახლო წრეში მყოფ პირებთან არადეკლარირებული შეხვედრები გამართა.
სააგენტოს ინფორმაციით, გერმანიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი და ბუნდესტაგის დაზვერვის სამსახურებზე ზედამხედველობის კომიტეტის წევრი რალფ შტეგნერი, ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი რონალდ პოფალა, ასევე ორი ყოფილი ფედერალური მინისტრი.
რუსეთის მხრიდან ბაქოში ჩამოვიდნენ: რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და „გაზპრომის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვიქტორ ზუბკოვი, ასევე რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა საბჭოს ხელმძღვანელი ვალერი ფადეევი.
გერმანელმა მონაწილეებმა დაადასტურეს Reuters-თან, რომ შეხვდნენ რუსეთის წარმომადგენლებს ბაქოში და აღნიშნეს, რომ „მიუხედავად დაძაბულობის ზრდისა, დიალოგი რჩება სწორი საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტურ პრინციპად“. მათ ასევე აღნიშნეს, რომ შეხვედრა ოფიციალური ხასიათის არ იყო.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მხრივ განაცხადა, რომ აღნიშნული შეხვედრა არ ყოფილა დაგეგმილი და ჩატარებული ფედერალური მთავრობის სახელით.
ამასთან, როგორც სააგენტო წერს, შეხვედრის შესახებ პირველად ინფორმაცია გაავრცელეს ARD-ის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ და გაზეთმა Die Zeit – “შეხვედრა ჩატარდა იმ დროს, როცა რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ფაქტობრივად გაყინულია უკრაინაში შეჭრის გამო. შეხვედრის დრომ ბევრი კითხვა გააჩინა იმ პოლიტიკოსთა განწყობაზე, რომლებიც, როგორც ჩანს, მზად არიან შერიგებაზე იფიქრონ, მაშინ როცა მოსკოვი გერმანიის მოკავშირე ქვეყანას ებრძვის”.
შტეგნერის შემთხვევაში კრიტიკოსებმა დააყენეს უსაფრთხოების რისკის საკითხიც: საპარლამენტო საკონტროლო კომიტეტის წევრებს აქვთ პრივილეგირებული და კონფიდენციალური წვდომა როგორც გერმანიის საგარეო, ასევე შინაგან უსაფრთხოების სამსახურების მუშაობაზე — ამ ორ სტრუქტურაზე, რომლებიც აქტიურად აგროვებენ ინფორმაციას რუსეთზე და ომთან დაკავშირებულ საკითხებზე.
„ეს სრულიად მიუღებელი და შემაშფოთებელი ამბავია, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა გაირკვეს,“ – განაცხადა კომიტეტის მწვანე პარტიის თავმჯდომარემ, კონსტანტინ ფონ ნოტცმა Der Spiegel-თან.
