აშშ-მა მოკავშირეების სახსრებით უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების პაკეტები დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე, ელდრიჯ კოლბიმ ახალი PURL (უკრაინის საჭიროებათა პრიორიტიზირებული სია) მექანიზმით უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების პირველი ორი პარტია დაამტკიცა, რომელთა ღირებულება 500 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
“ეს ახალი მექანიზმის პირველი გამოყენებაა, რომელიც აშშ-მა და მოკავშირეებმა შეიმუშავეს უკრაინისთვის ნატო-ს ქვეყნების სახსრებით ამერიკული მარაგებიდან იარაღის გადასაცემად”, – ნათქვამია Reuters-ის ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ამერიკელებისა და მოკავშირეების მიერ PURL მექანიზმი აგვისტოში ამოქმედდა და ნატო-ს ევროპელი წევრები მისთვის დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას გეგმავენ.




