„სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა დამასკი გაურკვეველი მიმართულებით დატოვა“, – იუწყება Reuters-ი ორ, მაღალი ჩინის სირიელ ოფიცერზე დაყრდნობით.
დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულმა სირიის ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის ცენტრმა (SOHR) ასევე განაცხადა, რომ კერძო თვითმფრინავში, რომელიც დამასკის აეროპორტიდან აფრინდა, სავარაუდოდ, ასადი იმყოფებოდა.
SOHR-ის ცნობით, თვითმფრინავის აფრენის შემდეგ, ევაკუაცია მოახდინეს აეროპორტში მყოფმა სირიის სამთავრობო ჯარებმა.
სირიის ხელისუფლებას ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი მეამბოხეების დამასკში შეჭრის შესახებ გავრცელებულ ცნობებზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 7 დეკემბერს განაცხადა, რომ არ შეიძლება იმის დაშვება, რომ სირია ჩავარდეს “ტერორისტული დაჯგუფების” ხელში.
ამის ფონზე სირიელი მეამბოხეები – ისლამისტების, დაჯგუფება, რომელსაც “ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი” (აღიარებულია ტერორისტულ ჯგუფად შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში) უძღვება და რომლის ზოგიერთი ნაწილი პროთურქულადაა მიჩნეული, უახლოვდებიან ჰომსს, რაც სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მმართველობას საფრთხეს უქმნის.
ლავროვი სიტყვით გამოვიდა კატარში, ასადის მოკავშირე ირანთან და სირიის ოპოზიციის მომხრე თურქეთთან მოლაპარაკებების შემდეგ. შეხვედრის მიზანი იყო სირიაში ქაოსის თავიდან აცილება ბოლო დღეებში მეამბოხეთა ელვისებური წინსვლის შემდეგ.
გაეროს საგანგებო წარმომადგენელმა სირიაში, გაირ პედერსენმა მოუწოდა ყველას სიმშვიდისკენ და “გადაუდებელი პოლიტიკური მოლაპარაკებების დაწყებისკენ ჟენევაში უშიშროების საბჭოს [2015 წლის] 2254 რეზოლუციის პირობების შესასრულებლად”, რომელშიც ჩამოყალიბებულია მოლაპარაკებებით მოგვარების საგზაო რუკა.
· სირიაში მიმდინარე 13-წლიან ომში, თითქმის 500 000 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 300 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. მსხვერპლის რეალური რაოდენობა შეიძლება ბევრად მეტი იყოს. 100 ათასი სირიელი ოფიციალურად ითვლება “დაკარგულად”, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინიც ან მოკლეს ან დაიღუპნენ ასადის ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში. სირიის ომამდელი, 16,5 მილიონი მოსახლეობიდან 6,5 მილიონზე მეტი გაიქცა საზღვარგარეთ, ძირითადად მეზობელ თურქეთში, იორდანიასა და ლიბანში, სულ ცოტა, 1 მილიონი კი – ევროპაში.
ფორუმი