მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანია „რე-ფრეში“ გაფართოებას და ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ კომპანიის თანადამფუძნებელმა, სალომე ინაძემ ისაუბრა.
„ვმუშაობთ, რომ თანამედროვე სტანდარტის საწარმო 2024 წლის გაზაფხულზე გავხსნათ, სადაც ნატურალური წვენი და ლიმონათი დამზადდება და გვექნება ასევე ხილის გადამამუშავებელი ხაზი, რომ უდანაკარგო წარმოება შევძლოთ,“ – განაცხადა სალომე ინაძემ და დასძინა, რომ Re-Fresh-ის საწარმო თბილისის ზღვაზე შენდება, რომელშიც განხორციელებული ინვესტიცია 100 ათას ლარს შეადგენს, რაც პირადი სახსრებით განხორციელდა.
რაც შეეხება, წარმადობას, მისი თქმით, მაქსიმალური შესაძლებლობა საწარმოო ხაზის საათში 2500 ბოთლის წარმოება იქნება:”გვაძლევს ყველანაირ პირობას, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ და ექსპორტზე ფიქრიც დავიწყოთ,“- აღნიშნა სალომე ინაძემ.
ცნობისთვის: ამ ეტაპზე კომპანიაში დასაქმებულია 4 ადამიანი, საწარმოს გახსნის შემდეგ, დასაქმებულთა რიცხვი ჯამში 12-მდე გაიზრდება. „რე-ფრეშის“ ბრენდით ამ ეტაპზე 8 სახის ლიმონათი, ნატურალური წვენები, ბიტერი და სიროფები იწარმოება. ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებენ. რაც შეეხება პროდუქციის ფასებს, ლიმონათის ფასი 5-დან 15 ლარამდე მერყეობს, ბიტერისა და სიროფების ფასები კი 15-45 ლარამდეა. რაც შეეხება ექსპორტს, კომპანიის ინტერესებშია პოზიციების გამაგრება მეზობელი ქვეყნების, ევროკავშირისა და აშშ-ს ბაზრებზე.