ჩეხეთი უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების ევროკავშირის გარეთ შესყიდვის ინიციატივით გამოდის, – ამის შესახებ გამოცემა Politico მოლაპარაკებებთან ნაცნობ ადამიანებზე, მათ შორის ოთხ დიპლომატზე, დაყრდნობით ავრცელებს.
აღინიშნება, რომ თავდაპირველად ევროკავშირი უკრაინას მარტამდე 1 მილიონი საარტილერიო ჭურვის გადაცემას დაპირდა, და საფრანგეთი ყველაზე აქტიურად გამოდიოდა საკუთარი წარმოების გაზრდის მოწოდებებით. თუმცა ახლა ევროკავშირი აღნიშნავს, რომ მარტამდე უკრაინა 524 000 ჭურვს მიიღებს, წლის ბოლომდე კი დაპირებულია მხოლოდ 1,1 მილიონი ჭურვის გადაცემა.
ამის ფონზე პრაღა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს 450 000 საარტილერიო ჭურვის ევროკავშირის ფარგლებს გარეთ შესყიდვა დააფინანსონ. ჩეხეთის ინიციატივა იმის შესაძლებლობას ზრდის, რომ ევროკავშირი იარაღის მწარმოებელ კომპანიებს მიმართავს სამხრეთ კორეაში, თურქეთსა და სამხრეთ აფრიკაში. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ცალკე აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეა, როგორც იარაღის მსხვილი მწარმოებელი, შესაძლოა გამოყენებულ იქნას დამატებითი ჭურვების მისაღებად.
ერთი-ერთი წყაროს ცნობით, 450 000 ჭურვის შესახებ ციფრი ოთხშაბათს, ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე იქნა გაჟღერებული. მეორე წყაროს ცნობით, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ ხუთშაბათს ევროკავშირის ლიდერების სამიტის დროს თავის კოლეგებს უთხრა, რომ ჭურვები ევროკავშირის ფარგლებს მიღმა შეიძლება იქნას მოპოვებული, რათა ევროკავშირმა თავისი დაპირება შეასრულოს.