ამერიკულმა გამოცემა Politico-მ გამოაქვეყნა მისი შეფასებით, ევროპაში ყველაზე გავლენიანი ადამიანების ტრადიციული რეიტინგი, რომელიც სამი კატეგორიისგან შედგება – „მოღვაწეები“, „მეოცნებეები“ და „გამანადგურებლები“. პირველი ორი დადებით გავლენას აფასებს, მესამე კი – ძირითადად, უარყოფითს. ამ ბოლო კატეგორიაში მერვე ადგილზეა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი.
ამერიკულმა გამოცემამ 3 კატეგორიაში შეიყვანა 9-9 ადამიანი, რომლებსაც, მისი აზრით, 2024 წელს, მოვლენების განვითარებაზე ყველაზე დიდი გავლენა ექნებათ.
Politico-ს რეიტინგში ივანიშვილი ოლიგარქადაა მოხსენიებული. გამოცემის თანახმად, მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის განცხადებისა, რომ პოლიტიკიდან წავიდა, ის ცნობილია იმით, რომ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ მართავს და მისი მიზანია საქართველოს ევროკავშირის მოსაცდელი ოთახიდან კრემლის კლანჭებისკენ უბიძგოს.
ამერიკული გამოცემა წერს, რომ საქართველომ უარი თქვა რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, მოსკოვმა კი, პირდაპირი ავიარეისები აღადგინა. Politico ხაზს უსვამს იმასაც, რომ ევროკავშირის დედაქალაქებში მეგობრული ვიზიტების გამო საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ინიცირებული იყო იმპიჩმენტის პროცედურა. ამერიკული გამოცემა ანალიტიკოსების მოსაზრებებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ივანიშვილი პასუხისმგებელია რუსეთისკენ საქართველოს შეტრიალებაზე და თბილისი უკან იხევს ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიისგან, მაშინ, როცა ბრიუსელი განიხილავს საქართველოს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე. მიუხედავად ამისა, Politico წერს, რომ ქართველების უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობას და დასავლურ კურსს.
„გამანადგურებლების“ კატეგორიაში პირველ ადგილზეა რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინა. მას Politico უწოდებს მთავარ ტექნოკრატს, რომელიც მუშაობაში ეხმარება პუტინის სამხედრო მანქანას. ამავე კატეგორიაში მესამე და მეოთხე არიან უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი. ამერიკული გამოცემა ორბანის შესახებ წერს, რომ მან უნგრეთში ხელყო კანონის უზენაესობა და მედიის თავისუფლება, ვეტოს უფლებით ევროკავშირი მძევლად აიყვანა და მეგობრულის მსგავსი ურთიერთობები დაამყარა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან. რაც შეეხება ბერბოკს, ის „გამანადგურებელთა“ კატეგორიაში მოხვდა არა რომელიმე კონკრეტული უარყოფითი ფაქტის, არამედ ხისტი და აგრესიული საგარეო პოლიტიკის გამო.
ამერიკულმა გამოცემამ ყველაზე გავლენიან ევროპელ „მეოცნებეთა“ რეიტინგში პირველი ადგილი მიაკუთვნა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. „მოღვაწეებს“ შორის პირველია იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი.
Politico-მ ყველაზე გავლენიან ევროპელად აღიარა პოლონელი პოლიტიკოსი, პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი. შარშან ყველაზე გავლენიან ევროპელად დასახელებული იყო უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი.