ევროკავშირი უპრეცედენტო გეგმას ამუშავებს, რომელიც მომავალ წელს უკრაინის ბლოკში ნაწილობრივ გაწევრიანებას ითვალისწინებს, – ინფორმაციას Politico 10 ოფიციალურ პირსა და დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ოთხი წლის შემდეგ და იმის გათვალისწინებით, რომ კიევი ცდილობს, კრემლთან სამშვიდობო შეთანხმებაში ქვეყნის ევროკავშირში 2027 წელს გაწევრიანების საკითხიც ჩართოს, ადრეული ეტაპის იდეა
ბლოკის მიერ ახალი ქვეყნების გაწევრიანების გზებში დრამატულ ცვლილებას წარმოადგენს. გეგმის თანახმად, უკრაინა ევროკავშირის მაგიდასთან ადგილს სრული წევრობისთვის საჭირო რეფორმების განხორციელებამდე მოიპოვებს“, – აღნიშნულია სტატიაში.
გამოცემა წერს, რომ ევროპელი ოფიციალური პირები და უკრაინის მთავრობა აცხადებენ, რომ გაწევრიანებასთან დაკავშირებით კიევის მოთხოვნა სასწრაფოა.
„რუსეთი, სავარაუდოდ, შეეცდება შეაჩეროს ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება. სწორედ ამიტომ ვამბობთ, დაასახელეთ თარიღი. რატომ კონკრეტული თარიღი? იმიტომ, რომ თარიღს ხელს მოაწერენ უკრაინა, ევროპა, აშშ და რუსეთი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასული კვირის პარასკევს ჟურნალისტებთან საუბარში.
Politico წერს, რომ ევროკავშირის იდეა ემანუელ მაკრონის მრავალსიჩქარიანი კავშირის გეგმას იმეორებს, რომელიც მან საფრანგეთის პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ რამდენჯერმე წარადგინა. გამოცემის წყაროების თქმით, უახლეს ვერსიას არაფორმალურად „უკუგაფართოება“ უწოდეს, რადგან ის ეფექტურად აერთიანებს ქვეყნებს ბლოკში გაწევრიანების კრიტერიუმების დაკმაყოფილების პროცესის დასაწყისში და არა დასასრულს.
ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ იდეა მიმზიდველია, რადგან ის კიევს მისცემს ამოსუნთქვის საშუალებას, დაასრულოს რეფორმები დემოკრატიული ინსტიტუტების, სასამართლო და პოლიტიკური სისტემის მიმართულებით, ამავდროულად შეამცირებს იმის ალბათობას, რომ ქვეყანას ბლოკში გაწევრიანების იმედი გადაეწურება და ზურგს შეაქცევს დასავლეთს.
„თუმცა, წინ დაბრკოლებებია, მათ შორის უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც უკრაინის გაწევრიანებას ეწინააღმდეგება“, – აღნიშნულია სტატიაში.
Politico, ეყრდნობა რა სხვადასხვა ქვეყნის 5 დიპლომატს, 3 ევროკავშირელ ოფიციალურ პირსა და 2 უკრაინელ ოფიციალურ პირს, ევროკავშირში უკრაინის 2027 წელს გასაწევრიანებლად 5 ნაბიჯს აყალიბებს.
პირველი ნაბიჯი ითვალისწინებს იმას, რომ ევროკავშირი წინასწარ უჭერს მხარს უკრაინის გაწევრიანების განაცხადს. ეს გულისხმობს კიევისთვის არაფორმალური ხელმძღვანელობის უზრუნველყოფას „კლასტერულ“ მოლაპარაკებებში. Politico წერს, რომ ბლოკმა უკვე მიაწოდა უკრაინას დეტალები მოლაპარაკების ექვსიდან სამი კლასტერის შესახებ. მარტში, ევროპულ საქმეთა მინისტრების კვიპროსში დაგეგმილ არაფორმალურ შეხვედრაზე ევროკავშირი სურს, რომ უკრაინის დელეგაციას მიაწოდოს დეტალები სხვა კლასტერების შესახებაც, რათა მათზე მუშაობაც დაიწყოს. მეორე ნაბიჯი ითვალისწინებს ევროკავშირში გაწევრიანების შემსუბუქებული ფორმატის შექმნას. Politico-ს წყაროების განცხადებით, ევროკავშირის მთავრობებმა პარასკევს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს კითხვები დაუსვეს ბლოკში ახალი ქვეყნების გაწევრიანებასთან დაკავშირებული ჩიხიდან გამოსვლის მცდელობების შესახებ. მან წარადგინა სხვადასხვა ვარიანტი და მოდელი, რომლებსაც ევროკავშირი განიხილავს, მათ შორის, „უკუგაფართოების“ იდეა.
„ეს იქნება პროცესის ერთგვარი ხელახალი კალიბრაცია – გაწევრიანდებით და შემდეგ ეტაპობრივად მიიღებთ უფლებებსა და ვალდებულებებს. ამრიგად, გადაიხედება, თუ როგორ ვახორციელებთ გაწევრიანებას იმ სრულიად განსხვავებული სიტუაციის საფუძველზე, რომელიც ახლა გვაქვს, იმ დროსთან შედარებით, როდესაც კომისიამ გაწევრიანების კრიტერიუმები დაადგინა“, – განაცხადა ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა გამოცემასთან საუბარში, თუმცა მან ვინაობის გასაჯაროვება არ ისურვა.
მესამე ნაბიჯი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის წინააღმდეგობით გამოწვეული სირთულის გადალახვას ეხება. Politico განმარტავს, რომ უკრაინის გაწევრიანებისთვის 27-ვე წევრი ქვეყნის მხარდაჭერაა საჭირო, რადგან ბლოკის გაფართოების ნებისმიერი გადაწყვეტილება ერთსულოვან მხარდაჭერას მოითხოვს. ორბანი კი მტკიცედ ეწინააღმდეგება ამას.
„თუმცა, კომისია და ევროკავშირის დედაქალაქები აპრილში უნგრეთში დაგეგმილ არჩევნებს აკვირდებიან და ასევე ორბანის ვეტოს გვერდის ავლის გზებზე მუშაობენ“, – წერს Politico.
ევროკავშირის რამდენიმე ოფიციალური პირის განცხადებით, იმედოვნებენ, რომ თუ ორბანი არჩევნებს წააგებს, მისი მეტოქე, ოპოზიციური პარტია „ტიზას“ კონსერვატიული ლიდერი, პეტერ მადიარი, უკრაინასთან დაკავშირებით კურსს შეცვლის. მაგრამ თუ ორბანს ხელახლა აირჩევენ, ბლოკს მეოთზე ეტაპზე გადასვლა მოუწევს.
Politico წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ ორბანის წინააღმდეგობა ურყევი ჩანს, არსებობს ერთი ადამიანი, რომელსაც, ევროპელი ლიდერების რწმენით, შეუძლია, რომ მას აზრი შეაცვლევინოს და ეს ადამიანი აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპია, რომელსაც ორბანთან მჭიდრო კავშირი აქვს. ტრამპი არ მალავს, რომ სურს, თავად იყოს ის, ვინც უკრაინასა და რუსეთს სამშვიდობო შეთანხმებისკენ უბიძგებს. „ომის დასრულების 20-პუნქტიანი წინადადების პროექტში უკრაინის ევროკავშირში 2027 წლისთვის გაწევრიანების საკითხია ჩაწერილი, იმედია, ტრამპი ბუდაპეშტს დაურეკავს შეთანხმების მისაღწევად“, – აღნიშნულია სტატიაში. მეხუთე ნაბიჯი ითვალისწინებს უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევას იმ შემთხვევაში, თუ წინა ოთხი ნაბიჯი წარუმატებელი აღმოჩნდება.
ორი დიპლომატის თქმით, თუ ტრამპის მიერ შეთანხმების მიღწევის ხელოვნება ჩავარდება, ევროკავშირს კიდევ ერთი კარტი რჩება: ევროკავშირის ხელშეკრულების მე-7 მუხლის უნგრეთის წინააღმდეგ მაგიდაზე დაბრუნება.
„მე-7 მუხლი, რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც არსებობს ქვეყნის მიერ ბლოკის ძირითადი ღირებულებების დარღვევის რისკი, ყველაზე სერიოზული პოლიტიკური სანქციაა, რომლის დაწესებაც ევროკავშირს შეუძლია, რადგან ის აჩერებს წევრის უფლებებს, მათ შორის ახალი ქვეყნების გაწევრიანებასთან დაკავშირებულ უფლებებს“, – წერს Politico.
გამოცემის წყაროების ცნობით, ევროკავშირს ჯერ არ აქვს განზრახული, აღნიშნული ნაბიჯი განახორციელოს, რადგან ვარაუდობს, რომ ეს ორბანის სასარგებლოდ იმოქმედებს აპრილში დაგეგმილ არჩევნებამდე. თუმცა, ევროპის დედაქალაქები აფასებენ მხარდაჭერას ამ ინსტრუმენტის გამოყენების მიმართ, თუ ორბანს ხელახლა აირჩევენ და ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესისთვის ხელის შეშლას გააგრძელებს. „ასეთი ნაბიჯი აბსოლუტურად შესაძლებელია“, – აღნიშნა ევროკავშირელმა დიპლომატმა Politico-სთან საუბარში.




