POG: 150 000 USD-ს თაღლითურად დაეუფლნენ – ბრალდებულებს შორისაა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე

პროკურატურის ინფორმაციით, კიბერ თაღლითობისა და 150 000 დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის და ორი იურიდიული პირის მიმართ დაიწყო.
“გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საზღვარგარეთ მცხოვრები პირების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს.
წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ბრალდებულები და მათთან კავშირში მყოფი პირები, გამოგონილი სახელებით უკავშირდებოდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ეცნობოდნენ არარსებული საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლებად, შედიოდნენ მათთან ნდობაში და თითქოსდა ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ საფონდო ბირჟაზე არსებული კომპანიების აქციების შესაძენად საჭირო თანხებს საქართველოში მათივე კონტროლის ქვეშ არსებულ ფიქტიურად დაფუძნებული კომპანიების საბანკო ანგარიშებზე არიცხინებდნენ.
აღნიშნული გზით, ბრალდებულები ფიზიკური პირების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს, დაახლოებით 150 000 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ” – ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.