„PISA-ს კვლევის შედეგები კონკურენტუნარიანობის დაქვეითების მაჩვენებელია, რაც ეკონომიკასა და ქვეყნის განვითარებაზე აისახება“ – ლევან კობერიძე

„PISA-ს კვლევის შედეგი კონკურენტუნარიანობის დაქვეითების მაჩვენებელია, რაც შემდგომში ეკონომიკასა და ქვეყნის განვითარებაზე აისახება“, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას ბიზნეს-კონსულტანტმა ლევან კობერიძემ განაცხადა. მისი თქმით, PISA-ს კვლევის შედეგებს უყურებენ ინვესტორები – როგორი ადამიანური კაპიტალია ქვეყანაში, რამდენად განათლებული, შრომისუნარიანი და ქმედითუნარიანია მოსახლეობა. ეს მნიშვნელოვანია ფაქტორია საინვესტიციო კლიმატისთვის და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ინდექსისთვის.
შეგახსენებთ, რომ PISA-მ (მოსწავლის საერთაშორისო შეფასების პროგრამა), 2022 წლის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც საქართველო 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა კითხვისა და წაკითხულის გააზრების მაჩვენებლით, მე-60-ზე – მათემატიკისა და 66-ეზე მეცნიერების ცოდნით.
ლევან კობერიძის თქმით, ეს სამწუხარო მონაცემებია. „გარდა წაკითხულიდან შინაარსის გამოტანისა, მათემატიკაში და მეცნიერებაშიც დაბალი მაჩვენებლებია, რაც არანაკლები პრობლემაა. ამის გამომწვევი ალბათ არის მთლიანად მთელ ქვეყანაში დამკვიდრებული სამწუხარო ტენდენცია, რომ ფორმა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შინაარსი და ეს აისახება ყველა დარგზე“ – ამბობს ლევან კობერიძე.
მისი თქმით, მთავარი პრობლემა პედაგოგების კვალიფიკაციაა და განათლების სისტემა არის ძალიან ლოიალური ასეთი ადამიანების მიმართ.
„პირველ რიგში, პრობლემას ვხედავ მასწავლებლებში – პედაგოგების და ლექტორების კვალიფიკაციაში და განათლების სისტემა არის ძალიან ლოიალური ასეთი ადამიანების მიმართ. ლექტორი, პედაგოგი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი, მასწავლებლობა ძალიან ადვილია და მათი კვალიფიკაციის დონე ძალიან დაბალია“, – ამბობს ლევან კობერიძე.
მისი თქმით, ეს 2 სისტემა – განათლება და ეკონომიკა მჭიდროდაა დაკავშირებული, ჩვენს შრომით ბაზარზე კი ბიუჯეტიდან 100%-ით ის პროფესიები ფინანსდება, რაზეც ნაკლები მოთხოვნაა და ის პროფესიები კი, რაზეც მეტი მოთხოვნაა არაპრესტიჟულად ითვლება.
„ეკონომიკა ქვეყანაში ვერ უნდა მუშაობდეს განათლების სისტემასთან ინტეგრირების გარეშე. ეს 2 სისტემა – განათლება და ეკონომიკა მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. შრომით ბაზარზე ხდება შემდეგი – სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100%-იანი გრანტით დაფინანსებული პროფესიები, ხშირ შემთხვევაში, არ არის მოთხოვნადი და რელევანტური შრომის ბაზარზე და პირიქით – რაც მოთხოვნადია, არაპრესტიჟულად ითვლება ქვეყანაში. მაგალითად, როცა უმაღლესი განათლების გამოცდების შედეგები ქვეყნდება, მთელი ქვეყანა, მშობლები, ნათესავები ულოცავენ მათ, ვინც უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა და არავინ ულოცავს მათ, ვინც დაიწყეს პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა. ჩვენ თვითონვე ვქმნით „მატრაკვეცულ“ გარემოს, როცა მთავარია უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარო და რას სწავლობენ თვითონაც არ იციან. ამას გამოკითხვაც აჩვენებს, უნივერსიტეტში გამოკითხული სტუდენტების 75%-მა არ იცის შეძლებს თუ არა იმ პროფესიით მუშაობას, რასაც ეუფლება უნივერსიტეტში“, – ამბობს ლევან კობერიძე.
მისი თქმით, საერთო სურათის შეცვლა სახელმწიფო სექტორს შეუძლია, რადგან მას ბიუჯეტის და საკანონმდებლო ბაზის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ბერკეტი გააჩნია.
რაც შეეხება კითხვას, საჭიროა თუ არა განათლების სისტემის რეფორმირება, ლევან კობერიძე ამბობს, რეფორმა არ უნდა იყოს თვითმიზანი.
„ხელისუფლებიდან ხელისუფლებაში სულ გვესმის, რომ რეფორმა უნდა გატარდეს. მე ვფიქრობ, რომ რეფორმაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს განათლების განვითარების სტრატეგია და ის შენარჩუნებული იყოს ხელისუფლებიდან ხელისუფლებამდე. განათლების სისტემაში რეფორმაზე უფრო მეტად გვჭირდება გააზრება, რომ განათლება ეს არ არის დიპლომი. ეს არის ეკონომიკური და შრომითი ბაზრისთვის კადრების მომზადება. განათლება ეს არის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ქვეყანაში მეტი დოვლათი შეიქმნას“, – ამბობს ლევან კობერიძე.

ასევე დაგაინტერესებთ