ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ(PACE) გადაწყვიტა უფლებამოსილების რატიფიცირებაზე უარი უთხრას აზერბაიჯანის დელეგაციას. მიზეზად დასახელდა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა, ოპოზიციის და დამოუკდებელი მედიის დევნა და ქმედებები, რომლებმაც ყარაბაღიდან სომხური მოსახლეობის განდევნა გამოიწვია.
საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, რომელიც სტრასბურგში მიმდინარეობს, შესაბამისი რეზოლუციის პროექტს კენჭი უყარეს 24 იანვარს. რეზოლუციას მხარი დაუჭირა დარბაზში მყოფი 90-დან 76-მა დეპუტატმა, 10 წინააღმდეგი იყო, ხოლო 4-მა თავი შეიკავა. მოწინააღმდეგეებს შორის იყვნენ თურქეთის საპარლამენტო დელეგაციის 9 და ალბანეთის დელეგაციის 1 წევრი. საქართველოს პარლამენტის დელეგაციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
მონიტორინგის კომიტეტის მოხსენების საფუძველზე მიღებული რეზოლუციით, აზერბაიჯანმა არ შეასრულა ევროსაბჭოში გაწევრიანებისას, 20 წლის წინ ნაკისრი ძირითადი ვალდებულებები, რადგან ისევ სერიოზული შეშოთების საგნად რჩება აზერბაიჯანის უნარი უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ხელისუფლების დანაწილება, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ადამიანის უფლებების დაცვა. რეზოლუციაში ასევე, საუბარია აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის დაბლოკვასა და სერიოზულ ჰუმანიტარულ შედეგებზე, რამაც გამოიწვია ყარაბაღიდან სომხური მოსახლეობის გაქცევა.
რეზოლუციის თანახმად, აზერბაიჯანი უარს ამბობს ასამბლეასთან თანამშრომლობაზეც, მათ შორის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს არ მისცეს სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ პირებთან შეხვედრის უფლება და ორგანიზაციის მეთვალყურეები არ მიიწვიეს წელს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგისთვის.
აზერბაიჯანის პარლამენტის დელეგაციამ ჯერ კიდევ რეზოლუციის პროექტზე დებატებსა და კენჭისყრამდე გამოაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობას დროებით წყვეტს.
დელეგაციის წევრებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს, მანამდე კი გამოაქვეყნეს განცხადება იმის შესახებ, რომ საპარლამენტო ასამბლეას ევროსაბჭოს პრინციპების დარღვევის გამო არასდროს მოუთხოვია პასუხი „აგრესორი სომხეთისთვის“ აზერბაიჯანელი დევნილების უფლებების დარღვევისთვის.
დელეგაციის შეფასებით, აზერბაიჯანის მიერ ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღდგენის და „აგრესიაზე, ოკუპაციასა და ძალადობრივ სეპარატიზმზე ისტორიული გამარჯვების“ შემდეგ აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმდინარეობს ცილისწამების კამპანია.
აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში პრაქტიკად იქცა პოლიტიკური კორუფცია, დისკრიმინაცია, ეთნიკური და რელიგიური სიძულვილი, ორმაგი სტანდარტები და შოვინიზმი. აზერბაიჯანის საპარლამენტო დელეგაცია მისთვის უფლებამოსილების შეჩერებას აფასებს საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში მიზანმიმართული ჩარევის მცდელობადაც. ბაქომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დაადანაშაულა სამარცხვინო ქმედებაში და განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან მუქარის და შანტაჟის ენით საუბარი არავის გაუვა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 24 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ აზერბაიჯანის საპარლამენტო დელეგაციას ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის უფლება არ ექნება მინიმუმ მომავალი წლის ზამთრის სესიამდე. ამასთან, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ დელეგაცია მუშაობის განახლებას შეძლებს, რეგლამენტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემთხვევაში. პირველ ყოვლისა, საუბარია აზერბაიჯანში ევროსაბჭოს მონიტორინგის და სამეთვალყურეო მისიის მუშაობის უზრუნველყოფაზე.